სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება საქართველოში და DCFTA“ მხარდაჭერით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობების სხვადასხვა ასპექტის კვლევის შედეგები განიხილეს.
ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართული თაფლი არის პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება.
„ქართული თაფლის ხარისხისა და შესაძლებლობების კვლევის პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ექსპერტებთან. დღეს მოვისმინეთ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება იმ პოტენციალის ასათვისებლად, რაც ქართულ თაფლს აქვს. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ყველა სტანდარტზე, მეწარმეებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, იმისათვის, რომ ქართული თაფლი გახდეს ხარისხიანი, ცნობადი პროდუქტი და საკუთარი ნიშა დაიკავოს ევროპის ბაზარზე“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
ევროპელმა ექსპერტმა, სტეფან შვარცინგერმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო და თაფლის ხარისხის კონტროლის მნიშვნელობასა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თაფლის წარმოების ხელშეწყობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპარციის და ლაბორატორიული მომსახურების სისტემის სრულყოფის მნიშვნელობას.