საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წლის შეთანხმების ამოქმედების საკითხს დააყენებს.
შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში 7 თებერვალს გაიმართება, სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემატიკას და ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავენ.
„წლის დასაწყისია და ზემოაღნიშნულ სფეროებში პრობლემების ინვენტარიზაციას გავაკეთებთ. შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად ხელი შვუწყოთ სხვადასხვა საკითხის მოგვარებას ექსპორტ-იმპორტის თუ სატრანსპორტო კომუნიკაციების თვალსაზრისით. მე მუდმივი კონტაქტი მაქვს სხვადასხვა უწყებებთან, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებული არიან რუსეთის თემატიკასთან და არის რიგი საკითხებისა, რომლებიც განხილვას საჭიროებს. ჩვენი მეწარმეები, მათ შორის მეღვინეები, დაინტერესებულნი არიან, რომ რუსეთში ახალი პროდუქცია გაიტანონ. გვინდა, რომ ექსპორტი რუსეთში გაიზარდოს. ამის შესაძლებლობები და მოთხოვნა უკვე არსებობს და ჩვენი ინტერესია, რომ ხელი შევუწყოთ. ჩვენ გვინდა, რომ წელს ტურისტული სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იყოს, ამისთვის საჭიროა სატრანსპორტო პრობლემების წინასწარ განხილვა და მოგვარება. ასევე, არის გარკვეული ქონებრივი საკითხები, რომელთა განხილვაა საჭირო და 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი მხრიდან მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დასრულდა და ახლა რუსეთს აქვს გასარკვევი რამდენიმე თემა. ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორები გვთხოვენ, მივცეთ მათ საშუალება, რათა რუსეთთან დააზუსტონ და შეათანხმონ ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. დაველოდებით, რა შედეგს მიაღწევენ ისინი, მაგრამ ამ შეხვედრაზე მე მინდა, ხაზგასმულად, აქცენტირებულად დავაყენო ეს საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ დრო გადის და საჭიროა, გადავიდეთ ამ პროექტის იმპლემენტაციაზე. ჩვენ ჯერ არ გვინდა ისეთი დასკვნები გამოვიტანოთ, რომ ეს დრო სპეციალურად იწელება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ფიქრობს, რომ უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში დარჩენილი საკითხები უნდა გაირკვეს. „ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წავიდეთ შვეიცარიაში და გავაფორმოთ კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან. რუსეთმაც ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს. შემდეგ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და უნდა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ ამაში დაინტერესებული ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დროულად მოხდეს“, - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.
მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუმცა აღნიშნულ კომპანიასა და ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ, რუსეთს შორის შესაბამისი კონტრაქტები ამ დრომდე არ გაფორმებულა.