„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ და ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას ათდღიან ვადას აძლევენ.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან ასევე თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. კერძოდ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ გრიგალაშვილი და საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისათვის - თბილისის“ წევრი თამაზ შოშიაშვილი.
როგორც აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ამ ადამიანებისთვის მოხდა სტიქიური უბედურება. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დაახლოებით 12-13 ბაზრობა დაიწვა.
”ბაზრობის დამწვრობას ერთნაირი ხელწერა აქვს. ადამიანები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა. არაადეკვატური იყო თბილისის მერის განცხადებებიც. მათ ფაქტიურად არ შეხვდა პრემიერ-მინისტრი. „ადვოკატთა ასოციაციას“ დღეს აქვს გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუ არ მოხდება ათი დღის განმავლობაში ამ ადამიანების ზარალის დათვლა და ანაზღაურება, თუ ამ ადამიანებს არ მიეცემათ მუშაობის შესაძლებლობა იმავე ადგილზე, ჩვენ გარკვეულ ზომებს მივმართავთ”, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ დაზარალებულებს გვერდით დაუდგება. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, ისინი მოითხოვენ 10 დღის განმავლობაში მოხდეს ზარალის დათვლა და ზიანის 100%-ით ანაზღაურება. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, დასაქმების შემდეგ დაზარალებულ მოვაჭრეებს უნდა მიეცეს საშუალება ერთი წლის განმავლობაში დანაკარგი აანაზღაურონ, ასევე ერთი წლის განმავლობაში დაზარალებულებს არ მოთხოვონ საპროცენტო განაკვეთების გადახდა.
ხატიაშვილის თქმით, 10 დღის შემდეგ თუკი ხელისუფლება დაზარალებულების მოთხოვნებს არ შეასრულებს, ადვოკატთა ასოციაციაში თითოეულ დაზარალებულ მოვაჭრეს შეხვდებიან და საგაფიცვო კომიტეტს შექმნიან. ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას პერმანენტული აქციების გამართვით ემუქრება.
აქციაზე, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თემურ გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ დაზარალებულთა მოთხოვნა სამართლიანია, დედაქალაქის მერიამ მათ კომპენსაციები უნდა გამოუყოს.
”თბილისის ბიუჯეტი არ არის ნარმანიას პირადი ქისა. იგი ეკუთვნის ყველა თბილისელს, მათ შორის ამ ადამიანებს. კეთილი ინებოს მერად წოდებულმა ნარმანიამ და მისცეს ამ ხალხს ის, რაც მათ ეკუთვნით - ფინანსური დახმარება. სამწუხაროდ, ”ქართულ ოცნებას“ არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, იგივე საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე გამოეხატა თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ”, - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.
საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისათვის - თბილისის” წევრი თამაზ შოშიაშვილის თქმით კი, მათი ფრაქცია უერთდება დაზარალებულთა მოთხოვნას. შოშიაშვილმა განაცხადა, რომ დღეს მისი პარტიის წევრები იმყოფებოდნენ „ბავშვთა სამყაროსთან“, სადაც ვიცე-მერისაგან, ლაშა აბაშიძისაგან მიიღეს დაპირება, კერძოდ უახლოეს პერიოდში მოხდება ”ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების შეშვება და ისინი შეძლებენ მათი კუთვნილი ნივთების გამოტანას.
”რაც შეეხება კომპენსაციებს, წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა ამის პრეცედენტი და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის კომპენსაციის გაცემა მერიის სარეზერვო ფონდიდან. დავით ნარმანიამ უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა”, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.