ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით კობახიძემ განაცხადა, გეგმური მონიტორინგის შედეგად სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას აღარ აქვს ფუნქციონირების უფლება, რის გამოც მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში უნდა გადანაწილდნენ.
„ეს სკოლა იყო ავტორიზებული, ჩატარდა გეგმური მონიტორინგი და სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის, იკვეთება მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. გუშინ მიიღო ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება და სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას უჩერდება უფლება განახორციელოს სწავლება, ბავშვები უნდა გადავიდნენ მობილობით სხვა სკოლებში“, - აღნიშნა დავით კობახიძემ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ განუცხადა, ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლაში განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური სამჯერ შევიდა.
„არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა, შემოწმებაზე გასულ წელს ორჯერ და წელს ერთხელ შემოვიდნენ, სკოლის რესურსების მონიტორინგს ახორციელებდნენ“, - აღნიშნა ელგუჯა დავითაძემ.
სკოლა-ლიცეუმის დირექტორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 15:00 საათზე ბათუმში, მედიასთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს.