ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე აცხადებს, რომ სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
როგორც ელგუჯა დავითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად თურქეთის მოქალაქეების სკოლაში სწავლის საკითხი დარეგულირებული იყო და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. ელგუჯა დავითაძის განცხადებით, ორშაბათს სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ავტორიზაციის გაუქმების ოფიციალური განცხადება არ მიუღიათ.
„3 თებერვალს, თბილისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე განიხილეს შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი, შეხვედრაზე კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე, თუმცა ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია სკოლის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ. სკოლის ადმინისტრაცია პროტესტს გამოთქვამს მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რადგან ადგილი აქვს კანონის დარღვევას მონიტორინგის განხორციელებისას. საქმე იმაშია, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეზე, რომლებიც ჩვენს სკოლა-ლიცეუმში სწავლობენ. საუბრი იყო იმაზე, რომ მათი ჩარიცხვა არაკანონიერი გზით მოხდა. თუმცა როგორ უნდა მომხდარიყო ამ მოქალაქეების ჩარიცხვა ქართულ სექტორზე, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, რისი ოქმიც არსებობს. სკოლაში 9 წელია სწავლობენ თურქეთის მოქალაქეები, ამ დრომდე არ შექმნილა პრობლემა. ბოლო ავტორიზაციის დროს დასვეს საკითხი, რომ თურქული სექტორი უნდა გაუქმებულიყო და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებოდით ავტორიზებული სკოლა. განვაცხადეთ თანხმობა და მივიღეთ თურქული სექტორის გაუქმების გადაწყვეტილება. ვუთხარით, რომ იმავე დღეს გავუშვებდით ამ ბავშვებს ჩვენი სკოლიდან, ან სხვა სკოლებში გადავამისამართებდით, მაგრამ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს იქნებოდა მოსწავლეების უფლებების დარღვევა, ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და ეს პროცედურა უნდა გაგვევლო ეტაპობრივად. ავტორიზაციის საბჭოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქული სექტორის გაუქმება მოხდებოდა ეტაპობრივად. უნდა განხორციელებულიყო თურქულ სექტორზე მყოფი ბავშვების ქართულ სექტორზე გადაყვანა. უნდა გახსნილიყო პარალელური კლასები და თურქულ კლასებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლება უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, მშობლებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ საწავლო წლის ბოლოს აღარ იარსებებდა თურქული სექტორი და მიეღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენ ეს ყველაფერი ავტორიზაციის საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და პროცედურები უნდა განხორციელებულიყო სულ სხვა გზებით. ვერ ვნახეთ საქართველოს განათლების რეგულაციაში, თუ როგორ უნდა მოხდეს თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე მოსწავლეების გადასვლა - ეს ჩაგვეთვალა დარღვევად და ავტორიზაცია არ მოგვცეს“, - აღნიშნა ელგუჯა დავითაძემ.
მისივე განცხადებით, 18 იანვარს თურქულ გამოცემა „საბაჰში“ გამოქვეყნებულია ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს შაჰინის სკოლას“, რაც არის სავარაუდოდ, პოლიტიკის ნაწილი და გულისხმობს შაჰინის სკოლებზე მიზანმიმართულ შეტევას.
„ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. ამის საბაბს მაძლევს ის, რომ 18 იანვარს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს და გადაუფორმოს თურქეთის მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს. ეს ინფორმაცია თურქეთის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბაჰში“ გამოქვეყნდა. სკოლის ადმინისტრაცია მუშაობს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთნ, უფლებადამცველებთან ერთად და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ უფლებას, რათა დავიცვათ საკუთარი მოსწავლეების და თანამშრომლების უფლებები. ორშაბათიდან ჩვენ ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, რადგანაც ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გვიკრძალავს სასწავლო პროცესის განხორციელებას.
ჩვენ უკვე შევიტანეთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბოლოს განხორციელებული მონიტორინგის ბათილობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ელგუჯა დავითაძე.
სკოლა-ლიცეუმის დირექტორი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანონ და დაიცვან სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები.
„არავის მისცეთ უფლება უკანონოდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე 23 წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სკოლის დახურვის გადაწყვეტილება ავტორიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო.