ორი წლის წინ ქვევრი (ჭური) “იუნესკომ“ კულტურული მემკვიდროების ძეგლად აღიარა და დასაცავ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიტანა, რაც არა მხოლოდ ქვევრის ფენომენის, არამედ ზოგადად, ქართული მეღვინეობისა და მეთუნეობის (თიხის დამუშავების ტრადიცია) მსოფლიო აღიარებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჯერ კიდევ დაახლოებით 15 წლის წინ საქართველოში მექვევრეობა პრაქტიკულად გაქრობის პირას იყო და მთელს ქვეყანაში შემორჩენილი თითოოროლა მექვევრეც მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე აგრძელებდა საქმიანობას. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ საქართველოში მექვევრეობა და თიხის საღვინედ დამუშავების ტრადიცია უწყვეტია ათასწლეულების მანძილზე და, იმედია, კიდევ მრავალ საუკუნეს გაუძლებს.
საქართველოში მექვევრეები ტრადიციულად ოთხ რეგიონში იყვნენ: კახეთში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. ამ ოთხიდან, სამწუხაროდ, სამეგრელოში უკვე დაკარგულია მექვევრეობის ტრადიცია. მეგრულ ოჯახებში ალაგ-ალაგ შემორჩენილი ქვევრების დამღები უტყვი მოწმეები არიან იმისა, თუ მეთუნეობის როგორი დიდი ტრადიცია არსებობდა, რაც სამწუხაროდ დავიწყებასაა მიცემული.
დღეს საქართველოში მექვევრობის ყველაზე დიდი კერა იმერეთშია შემორჩენილი. სოფლები: შროშა, მაქათუბანი და ტყემლოვანა იმერული მეთუნეობის უძველესი კერებია და სასიხარულია, რომ ადგილობრივ მექვევრეებს დღეს კლიენტურაც ბევრი ჰყავთ და ასაკოვანი ხელოსნების უმეტესობა შეგირდებსაც ზრდის.
როდესაც იმერულ მექვევრეობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მაქათუბნელი მექვევრე ზალიკო ბოჟაძე, რომლის ქვევრები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც გაიტანეს და იმერულ ჭურებში ახლა უკვე სლოვენიური, იტალიური, ავსტრიული, გერმანული და ფრანგული ღვინოები ასხია. ასევე გამორჩეული მექვევრეები არიან ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში მცხოვრები კაპანაძეები. იქ მექვევრეობას, პრაქტიკულად, მთელი სოფელი მისდევს და ყველა ოჯახს თავისი უნიკალური ხელწერა გააჩნია.
კახეთში, მექვევრეობა სოფელ ვარდისუბანში, ყარაულაშვლებშია შემორჩენილი. ყარაულაშვილები ისტორიულად მექვევრეები იყვნენ და დღეს ამ გვარის წარმომადგენელი სამი ოჯახი წინაპრების ტრადიციას აგრძელებს. ვარდისუბანში დამზადებული ქვევრები მასშტაბურობითა და განიერი ყელით გამოირჩევიან. კახეთში ამასთან დაკავშირებით ხუმრობაც გაჩნდა - ყარაულაშვილებმა ღიპან ხალხს ანგარიში გაუწიეს და დიდყელიან ქვევრებს ამიტომაც ამზადებენო. ვარდისუბანში დამზადებულ ქვევრებს ნახავთ მთელს კახეთში, როგორც ცალკეული გლეხების ოჯახებში, ასევე ძველ ეკლესია-მონასტრებშიც. მაგალითად, ნეკრესისა და ალავერდის მონასტრების ეზოებში სწორედ ვარდისუბნური დამღების მქონე ქვევრებია აღმოჩენილი.
აქვე დამღებზეც ვთქვათ ორი სიტყვა. ტრადიციულად, ყველა მექვევრეს თავისი ხელწერა ჰქონდა და ქვევრის ყელთან ყველა ხელოსანი თავის საკუთარ დამღას აკეთებდა. ეს დამღა, შესაძლოა, ყოფილიყო რაიმე ნახატი ჯვრის, ვაზის, ყურძნის მტევნის ფორმის, რაიმე ორნამენტი, ან სულაც მექვევრის სახელი. ამ შემთხვევაში მექვევრე შეგვიძლია შევადაროთ მხატვარს, რომელიც ნამუშევრის დასრულების შემდეგ, ტილოზე საკუთარ სახელს აწერს. ქვევრის დამღები ცალკე დიდი ისტორიაა და შემდგომში ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
მექვევრეობის კიდევ ერთი კერა გურიაში, სოფელ აცანაშია შემორჩენილი. იყო დრო, როდესაც სოფელი აცანა მთელს გურიასა და აჭარას ამარაგებდა ქვევრებით და სოფელ ტყემლოვანას მსგავსად, იქაც თითქმის ყველა ოჯახი მეთუნეობას მისდევდა, მაგრამ დღეს ამ საქმით, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ოჯახიღაა დაკავებული. იხილეთ გაგრძელება