EGT Express Georgia საქართველოში ლოჯისტიკურ საწყობს ააშენებს

EGT Georgia-სა და EGTExpress-ის ინვესტირებით საქართველოში ლოჯისტიკური საწყობის აშენება იგეგმება.

ინვესტიციის რაოდენობა 4-5 მილიონი ლარია. საინვესტიციო თანხას ორივე მხარე თანაბრად დააფინანსებს. შედეგად საქართველო რეგიონის დამაკავშირებელი ჰაბი გახდება.

EGT Georgia, რომელიც საქართველოში 3 წელზე მეტია ოპერირებს, საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიის EGTExpress-ის ადგილობრივი წარმომადგენლობაა. კომპანიის სერვისებსა და გეგმებზე ”ბიზნესპრესნიუსს” EGTExpress Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ძებისაშვილი ესაუბრა.

მოგვიყევით კომპანიისა და თქვენი სერვისების შესახებ.

EGTExpress, რომლის წარმომადგენლობაც ჩვენ ვართ, 20 წელია არსებობს. ქართულ ბაზარზე ბრენდის შემოტანამდე დაახლოებით 4 წელი საქართველოში სხვა გადამზიდავ კომპანიებთან ვთანამშრომლობდით. ბაზრის კარგად გაცნობისა და ათვისების შემდეგ კი ბრენდი შემოვიტანეთ და სამ წელზე მეტია ვსაქმიანობთ, როგორც EGTExpress Georgia. bpnსაქართველოს გარდა EGTExpress-ს წარმომადგენლობა აქვს აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთში, ბულგარეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, ირანში, ერაყსა და თურქმანეთში.

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს ბაზარზე ნაკრები ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით. ჩვენ ჩამოგვაქვს ყველა სახის ტვირთი: ავეჯი, ტექნიკა, ტანსაცნელი, მედიკამენტები და ასე შემდეგ. ჩვენ მიერ განხორციელებული ტვირთების გადაზიდვა დაზღვეულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ეს ეხება როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს.

სახმელეთო გადაზიდვის შემთხვევაში მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც ნაკრები, ისე მთლიანი მანქანებით ტვირთების გადაზიდვას. აღნიშნულს საკუთარი მანქანებით ვახორციელებთ. გვაქვს არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირების სერვისი.

ასევე, გვაქვს საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები. ვართ საერთაშორისო ლოჯისტიკური ქსელის WCA-ის წევრები, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება მისაღებ ფასად.

EGTBrokerage არის ჩვენი შვილობილი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტვირთების განბაჟებას, დაბაჟებას, კარამდე მიტანას, ტვირთის შეფუთვას. შესაბამისად, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ტვირთების გადაზიდვას კარიდან კარამდე.

რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი თქვენს კომპანიაზე?

ჩვენი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით არის ის, რომ სახმელეთო გადაზიდვებს ვახორციელებთ, როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარი ავტო ტრანსპორტით, ვიყენებთ ჩვენს საკუთრებაში არსებულ საწყობს (ჩეხეთში), ყველა ტვირთი დაზღვეულია,

გვაქვს დანერგილი GPS კონტროლ სისტემა, უნიკალური კოდი (tracking system) ენიჭება თითოეულ ტვირთს, რისი დახმარებითაც მომხმარებელს 24 საათის განმალობაში შეუძლია აკონტროლოს, თუ რომელ მანქანაშია ტვირთი, ტვირთის ადგილმდებარეობა, მძღოლის საკონტაქტო ნომერი, მანქანის ნომერი და სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩვენი მენეჯერები მომხმარებელს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან დეტალურ ინფორმაციას.

საბაჟოზე გვყავს წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი ყველა მანქანის დაცლის პროცესს ესწრება.

ვინ არიან თქვენი ძირითადი კლიენტები?

სერვისის ძირითადი მომხმარებლების უმეტესობა კომპანიები არიან. ფიზიკური პირები ნაკლებად იყენებენ ჩვენს მომსახურებას. მცირე რაოდენობით სახელმწიფო შეკვეთებიც გვაქვს. სამომავლოდ სახელმწიფო ტენდერების მხრივ უფრო გააქტიურებას ვაპირებთ.

როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?

დღესდღეობით საქართველოში კომპანიების უმეტესობა ერთმანეთს ფასით ებრძვის. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასები დავწიოთ. თუმცა ამას მომსახურების ხარისხის ხარჯზე არ ვაკეთებთ. საბოლოოდ, ყველა მომხმარებელი ხვდება, რომ ურჩევნია 5 დოლარით მეტი გადაიხადოს და სრულყოფილი სერვისი მიიღოს. ბაზარზე EGTExpress Georgia bpnცნობილია, როგორც მაღალი დონის კომპანია. ზოგადად, დიდ კომპანიებს მეტ-ნაკლებად თანაბარი ფასები გვაქვს.

რა პრობლემებს აწყდებით საქმიანობის დროს?

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია არის ჩვენი მთავარი სირთულე და ამ მხრივ, სახელმწიფოს დახმარება გვჭირდება. ბაზარზე ჩნდება ძალიან ბევრი გადამზიდავი კომპანია, რომელსაც, რეალურად, ამ მიმართულებით ხანგრძლივი და ადეკვატური საქმიანობა არ შეუძლია. ისინი 2-3 თვე მუშაობენ, ფასებს ამცირებენ და მერე იხურებიან. ჩვენთან შედარებით, მომხმარებელს 5 დოლარით ნაკლებფასიან მომსახურებას სთავაზობენ და ამით იზიდავენ მომხმარებლებს. თუმცა, საბოლოოდ ისინი ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და მომხმარებელი რჩება დაზარალებული. დამკვეთი კარგავს ტვირთს ან იღებს დაზიანებულ გზავნილს. გადამზიდავს კი ანგარიშზე თანხა არ აქვს, რომ ზარალი აუნაზღაუროს და არც ტვირთი აქვს დაზღვეული. მეორე მხრივ, ფუჭდება ბაზარი, რადგან ასეთი კომპანიები სერვისს უფრო იაფად ყიდიან და ფასებს ხელოვნურად ამცირებენ. უკეთესი იქნება თუ სახელმწიფო დააწესებს მინიმალური სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლოჯისტიკური კომპანია. მაგალითად, დაზღვევა, ანგარიშზე გარკვეული თანხის ქონა, ბუღალტრის ყოლა, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა უნდა გახდეს სავალდებულო. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მე კონკურენციის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, მინდა, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს და სუფთად ვითამაშოთ. სხვა მხრივ, სირთულეები არ გვაქვს. საბაჟო სისტემა მაღალ დონეზეა მოწესრიგებული. ჩვენი მსგავსი სისტემა ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაშიც არაა.

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სფერო რამდენად განვითარებულია?

რეგიონალური შეხვედრები წელიწადში ორჯერ გვაქვს. იქ ყოველთვის ხაზგასმულია, რომ ქართული ოფისი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბევრად განვითარებულია და მათ ხშირად მიუთითებენ, რომ მაგალითი ჩვენგან აიღონ. ჩეხეთის სათაო ოფისის შემდეგ ყველაზე მეტი თანამშრომელი ჩვენ გვყავს. ქართული ოფისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ჩვენს ოჯახში, როგორც შეკვეთების მხრივ, ისე თანამშრომლების რაოდენობით. საბაჟო მომსახურებაც ჩვენთან ყველაზე მეტად დახვეწილია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გვინდა, რომ საქართველო რეგიონის ჰაბად ვაქციოთ და ლოჯისტიკური ცენტრი ავაშენოთ. ამ მხრივ, საქართველოს უპირატესობა ის არის, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს კონფლიქტური ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მიერ აშენებულ საწყობში მოხდება ტვირთის ჩამოტანა აღნიშნული ქვეყნებიდან და ქართული წარმოების ტვირთებთან ერთად გავა ევროპის ბაზარზე. დღესდღეობით საქართველოში ჩამოსული მანქანები თურქეთში გადადიან და იქ ეძებენ ტვირთს, რომ უკან ცარიელები არ დაბრუნდნენ. საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრის აშენება ამ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის. აღნიშნულით კლიენტებს მეტ კომფორტსაც შევთავაზებთ. ჩვენს საწყობში შევა მანქანა და უფრო მალე დაიცლება და მოხდება განბაჟებაც.

საწყობის მშენებლობის დაწყება წლის ბოლოს არის დაგეგმილი. ტერიტორია უკვე შერჩეული გვაქვს. ახლა ფინანსური მხარის დაგეგმვა ხდება. სახელმწიფოსთანაც უნდა ავიღოთ გარკვეული ვალდებულებები. ინვესტიციის ნახევარს ჩეხეთის სათავო ოფისი ჩადებს, ნაწილს კი - ჩვენ. საერთო ჯამში 4-5 მილიონ ლარამდე თანხაზეა საუბარი. ამით ჩვენი წარმომადგენლობა სრულყოფილი გახდება. ამ დროისათვის საწყობი მხოლოდ ჩეხეთში გვაქვს.

2017 წელს ჩვენი საბაჟო ტერმინალის გაკეთებასაც ვაპირებთ. ეს პროექტი წინა წელს დაისახა და ამჟამად გეგმა დამუშავების ეტაპზეა. (R)