2016 წელს განცხადებების რეკორდული მაჩვენებელი, 8 827 განცხადება-საჩივარი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, 2016 წელს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 2 559 ზარი დაფიქსირდა. სახალხო დამცველის თქმით, გასულ წელს სულ 77 რეკომენდაცია გაიცა, რომელთაგან 39% შესრულდა.
”ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა ბევრია, სულ 77-ია. რაც შეეხება შესრულებას, 39% იყო შესრულებული წლის ბოლოს, რეკომენდაციების 10% კი ნაწილობრივ შესრულდა. რეკომენდაციების საკმაოდ დიდი ნაწილია, სადაც გვქონდა შუალედური პასუხი და იყო დაპირება, რომ შესრულდებოდა. წელს რთულია რომელიმე კონკრეტული უწყების დასახელება, რომელიც ასრულებდა ან არ ასრულებდა რეკომენდაციებს, ყველაზე ბევრი, 18 რეკომენდაცია პროკურატურის მიმართ გაიცა, საიდანაც 15 შესრულდა”, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე განმარტებით, მომართვიანობის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დაკავების დროს სავარაუდო დარღვევებზე პოლიციელების მხრიდან.
სახალხო დამცველმა 2016 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.