დასუფთავების ქვეითი ინსპქეტორები თბილისში მარტის ბოლოდან გამოჩნდებიან. ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” ”თბილსერვის ჯგუფში” განუცხადეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე ტრენინგებისთვის მზადება მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ქვეითი ინსპექტორები, პირველ რიგში, ქალაქის ცენტრალურ და ტურისტულ უბნებში გამოჩნდებიან.
ინიციატივის მიხედვით ქვეითი დასუფთავების ინსპექტორი ქუჩაში მოსიარულე ადამიანს გარემოს დაბინძურების ფაქტზე დააჯარიმებს. ქვეითი დასუფთავების ინსპექტორები ქუჩაში ივლიან, აღჭურვილი იქნებიან კამერით და ქალაქში სისუფთავეს გააკონტროლებენ.
რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფის“ კიდევ ერთ ინიციატივას - მიწისქვეშა ნაგვის ურნების დამონტაჟებას, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე, გეგმის თვალსაზრისით მოკვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.