სს „რუსთავის აზოტთან“ სამსახურიდან გათავისუფლებული მუშებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გრძელდება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საწარმოს ახალი ხელმძღვანელობა მათ კვლავ სამი თვის განმავლობაში 500-ლარიანი კომპენსაციისა და ერთი თვის ხელფასის გადახდას სთავაზობს, სამსახურში დაბრუნებაზე კი უარს ეუბნებათ.
სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების მოთხოვნა იგივე რჩება - ისინი საწარმოში დაბრუნებას მოითხოვენ და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
ქარხნის პროფკავშირების ხელმძღვანელის, გელა ბიჭიკაშვილის განცხადებით, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით 350 მუშა სასამართლოში კოლექტიურ სარჩელს შეიტანს, რასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვებაც უკვე დაიწყეს.
დღევანდელი აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას და არ სურთ, რომ მუშების მშვიდობიანი პროტესტი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს.
უკვე 10 დღეა სს „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით პროფკავშირებთან და სტუდენტურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამსახურში აღდგენა, არსებული შრომითი ხელშეკრულებების გაუქმება და პროფკავშირებთან ერთად ახალი შრომითი ხელშეკრულების შედგენაა.