აშშ-ში წლის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება - ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის ფინალი Super Bowl გაიმართა.
ჰიუსტონში გამართულ ფინალში ერთმანეთს ბოსტონისა და ატლანტას გუნდები დაუპირსპირდნენ. საბოლოო გამარჯვება კი „პატრიოტებს“ დარჩათ.
Super Bowl-ის ფინალი უკვე წლებია პოპულარული სპორტული შოუდან ერთგვარ ნაციონალურ დღესასწაულად იქცა, რომელიც მილიონობით მაყურებელსა და ათასობით რეკლამისდამკვეთს იზიდავს. ყოველწლიურად Super Bowl-ის ფინალის პირდაპირ ეთერში რეკლამის მოხვედრის მიზნით კომპანიები ნამდვილ ბრძოლას მართავენ ყველაზე კრეატიული და არაორდინალური რეკლამის შექმნაში. გარდა ამისა, რეკლამისდამკვეთები მზად არიან მილიონობით დოლარი გადაიხადონ, რათა მათი კომპანიის რეკლამა ფინალის დროს პირდაპირი ეთერით გავიდეს.
მიმდინარე წელს Super Bowl-ის ფინალში 30-წამიანი რეკლამის ფასმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა, გასულ წელს შედარებით ნაკლები, 4,8 მილიონი დოლარი ღირდა. ჰიუსტონიდან ფინალის ტრანსლირების უფლება ტელეკომპანია Fox-ს ჰქონდა, რომლის რეკლამიდან მიღებული შემოსავლები სხვადასხვა პროგნოზებით 385 მილიონ დოლარს მიაღწევდა.
Adweek-ის ცნობით, 2017 წლის ფინალში გასულ რეკლამებს პოლიტიკური ფონი გასდევდა. ყველაზე „პოლიტიკურად“ კი სამშენებლო მასალების კომპანია 84 Lamber-ის რეკლამა დასახელდა. კომპანიამ ფინალის დროს პირდაპირი ეთერით სარეკლამო დროის 90 წამი იყიდა მაშინ, როცა 30 წამი 5 მილიონი დოლარი ღირს.
რეკლამა მექსიკელი დედა-შვილის ისტორიაზეა, რომლებიც გრძელ გზას გადიან მექსიკისა და აშშ-ის საზღვრამდე. ვიდეორგოლის სრულ ვერსიაში მექსიკის საზღვართან მისული დედა-შვილი აშშ-ის მხრიდან კედელს ხედავენ, თუმცა მასში კარს აღმოაჩენენ და მაინც ხვდებიან აშშ-ის ტერიტორიაზე. სარეკლამო ვიდეორგოლი სრულდება ტექსტით: „აქ ყოველთვის მივესალმებით წარმატების მიღწევის სურვილს“.
თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ რეკლამა ადამიანების დასაქმების კამპანიის ფარგლებში დამზადდა და საერთო არაფერი აქვს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკასთან.