გვჯერა, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ შეთანხმებით ისარგებლებენ, სწავლის დასრულების შემდეგ, გახდებიან ელჩები თავიანთი ქვეყნების , - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველო-უნგრეთის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, 3 წლის განმავლობაში, უნგრული მხარის დაფინანსებით, 50 ქართველი სტუდენტი უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებს განათლებას.
„ეს არის საქართველოსა და უნგრეთის მრავალწლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება. შემდეგი 3 წლის განმავლობაში 50 ქართველ სტუდენტს უნგრული მხარის დაფინანსებით შეეძლება მიიღოს უმაღლესი განათლება უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მოთხოვნა ამ პროგრამაზე არის ძალიან მაღალი. ზოგადად, შესაძლებლობა უცხოეთში სწავლის გაგრძელების და მაღალი ხარისხის განათლების მიღების, ძალიან პოპულარულია და სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები აფასებენ ასეთ შესაძლებლობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვინდა მოვიზიდოთ მეტი უნგრელი სტუდენტი ჩვენს უმაღლეს განათლების სიტემაში და ეს არის დღევანდელი შეთანხმების ნაწილი“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგის განცხადებით, საქართველო-უნგრეთის საგანმანათლებლო ურთიერთობის კუთხით დღეს ისტორიული დღეა.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების სამინისტროს. ეს არის ისტორიული დღე საქართველო-უნგრეთის განათლების სისტემებს შორის ურთიერთობაში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას მოვაწერეთ ხელი. 50 ქართველი უნგრეთში მიიღებს განათლებას, ხოლო 5 უნგრელი საქართველოში“, - განაცხადა ზოლტან ბალოგმა.
შეთანხმების თანახმად, უნგრეთის მხარე სასწავლო სტიპენდიას 50 ქართველ სტუდენტს შესთავაზებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში სოფლის მეურნეობის სფეროში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში, სოციალურ მეცნიერებებში, სამედიცინო სფეროში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებებში და სპორტისა და ხელოვნების სფეროში.
თავის მხრივ, ქართული მხარე უნგრელ სტუდენტებს ყოველწლიურად შესთავაზებს სტიპენდიებს საქართველოში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ინგლისურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ან საზაფხულო სკოლებსა თუ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.