მიმდინარე თვის ბოლოდან ბაზარზე დეკას ჩაი გამოჩნდება.
მცენარეულ ჩაის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში კოოპერატივი „არაგველები“ აწარმოებს.
კოოპერატივი 5 ადამიანისგან შედგება. როგორც დირექტორმა ომა არაბულმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საწარმო, რომელიც ბარისახოში გასულ წელს გაიხსნა, მხოლოდ ველურ მცენარეებს (დეკა, მოცვი, პიტნა, კრაზანა და ა.შ.) გადაამუშავებს.
მისივე თქმით, ჯამში 9 სახეობის ჩაის გამოშვება იგეგმება. მათ შორის, „ალპური ლეგენდა“ - რომელიც, მხოლოდ დეკას ფოთლისგან მზადდება; „დეკას გვირგვინი“ - სადაც დეკას ყვავილიც შედის, „კვავკასიური არომატი“- რომელიც მოცვის, დეკასა და ველური პიტნისგან მზადდება და ა.შ.
როგორც არაბულმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მომავალში წარმოებული ჩაის ექსპორტზე გატანაც სურთ.
ველური მცენარეებისგან დამზადებული ჩაი ბაზარზე 50 გრამიანი შეფუთვით გამოჩნდება, რომლის სავარაუდო ფასი 5-6 ლარი იქნება.
პროექტის ღირებულება 131 ათასი ლარი იყო. საწარმოში ამჟამად დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული.
რაც შეეხება წარმადობას, არაბული აღნიშნავს, რომ საწარმოს დღეში 300 კილოგრამი ნედლი მცენარეულის გაშრობა და თვეში დაახლოებით, 10 ათასი ჩაის კოლოფის გამოშვება შეუძლია.
დეკა კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1600-3000 მ-მდეა გავრცელებული.