„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავენ.
დაზარალებული მოვაჭრეები ხუთ მოთხოვნას აყენებენ. კერძოდ, მოვაჭრეები მოითხოვენ:
„1.შენობის დემონტაჟისა და ნანგრევების გასუფთავების დროს მათი ჯგუფის წარმომადგენელი დაესწროს ყველა პროცესს, რათა არ მოხდეს ქონების სხვა პირების მხრიდან შესაძლო დატაცება; 2.დროულად ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, განისაზღვროს ხანძრის კერის გაჩენის ობიექტური მიზეზები და დაისაჯონ შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები; 3. მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ზარალის დათვლა და სახელმწიფოს განკარგვაში არსებული რეზერვებიდან შესაძლებლობის ფარგლებში მოხდეს ზარალის ანაზღაურება; 4. მთავრობის მხრიდან ეთხოვოს ეროვნულ ბანკს გაუწიოს შუამდგომლობა დაზარალებულებს კომერციულ ბანკებთან და საკრედიტო ორგანიზაციებთან მათთვის საშეღავათო პირობების გაწევის თაობაზე; 5. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მოიძიოს ალტერნატიული სავაჭრო ფართები, რათა დაზარალებულებს მიეცეს საშუალება საქმიანობის გაგრძელების“, - ნათქვამია მიმართვაში.
მოვაჭრეები ამ დროისთვის „ბავშვთა სამყაროსთან“ არიან შეკრებილი. ისინი კვლავ შესვლას და საკუთარი ნივთების მოძებნას მოითხოვენ.