"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში რამდენჯერმე მოხდა ცვლილება. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაც რამდენიმე მაღალჩინოსანმა გამოიცვალა. საინტერესოა, რა ბედი ეწიათ ყოფილ მინისტრებს და ვინ რომელ უწყებაში გადანაწილდა სამთავრობო კაბინეტის შემდეგ. ამ სტატიაში გაგახსენებთ ყოფილ მაღალჩინოსნებს და მათ ახალ თანამდებობებს:
ნოდარ ხადური - ფინანსთა ყოფილი მინისტრი, "ოცნების" მთავრობის ხელახალი არჩევის შემდეგ ახალ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ მოხვდა, თუმცა მალევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა. ნოდარ ხადურის დანიშვნამდე კონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე ხელმძღვანელობდა.
ნოდარ ჯავახიშვილი - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხემძღვანელის, ლაშა თორდიას მოადგილედ დაინიშნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ ეტაპზე ზურაბ ალავიძე ხელმძღვანელობს.
თამარ სანიკიძე - საჯარო სამსახურში დარჩა განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე. მას შემდეგ, რაც 2016 წლის ზაფხულში ის ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩაანაცვლა მინისტრის პოსტზე, სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ერონული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.
არჩილ კბილაშვილი - საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას არჩილ კბილაშვილი 2012-2013 წლებში იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის საადვოკატო ბიუროში ადვოკატის საქმიანობას დაუბრუნდა.
ალექსანდრე ჭიკაიძე - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოსტს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იკავებდა. ყოფილი შს მინისტრი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეა.
კრიზისების მართვის საბჭოს კი თავის მხრივ, კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობს - თავდაცვის უწყების ექს-ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე 2015 წლის მაისიდან დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.
ირაკლი ღარიბაშვილი - მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ექს-პრემიერი ოჯახური ცხოვრებითაა დაკავებული და მეუღლეს 4 შვილის აღზრდაში ეხმარება. თუმცა, ის აქტიურია სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რომელიც ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას შეეხებოდა.
გიორგი ბადაშვილი - საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის თანამდებობას 2014-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის დასაწყისში მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. იგი თანამდებობას ამ დრომდე იკავებს.
ზვიად ჯანყარაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის სახელი უფრო მეტად დაკავშირებული იყო ბიზნესწილებთან. ჯანყარაშვილი თანამდებობიდან საკუთარი ნებით წავიდა, თუმცა 2015 წელს ის პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი გახდა. ეს თანამდებობა ჯანყარაშვილმა მალევე დატოვა. როგორც ცნობილია, ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია და მას მოიხსენიებდნენ როგორც ე.წ. კახური კლანის ერთ-ერთ წევრს. ამ ეტაპზე ჯანყარაშვილი საჯარო სამსახურში არ მუშაობს, თუმცა სად არის და რას საქმიანობს უცნობია.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE