გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრის მოადგილე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერებს შეხვდება

გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრის მოადგილე ანეტე ქრამე ხვალ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერებს შეხვდება. როგორც  პროფკავშირებიდან იუწყებიან, შეხვედრა პროფკავშირების გაერთიანების ოფისში გაიმართება. პროფკავშირების გაერთიანება, გერმანიის შრომის სამინისტროს დელეგაციას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში შრომითი უფლებებისა და დასაქმების სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების და გაერთიანების მიერ მომზადებული პროექტის შესახებ მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თობაზე.

პროფკავშირების ინფორმაციით, ამავე დღეს, 16:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივნის, ბუნდესტაგის დეპუტატის, ანეტე ქრამეს ვიზიტის ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გაიმართება საპანელო დისკუსია „მინიმალური ხელფასი გერმანიაში - პერსპექტივები საქართველოსთვის“.

”აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის მინიმალური ოდენობა განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით და შეადგენს თვეში 20 ლარს. მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით, მინიმალური ხელფასის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გამოყენებით საქართველო ბოლოდან მე-4 ადგილზეა და უსწრებს მხოლოდ უგანდას, ბურუნდის და ყირგიზეთს. როგორი უნდა იყოს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის პრინციპი, საჭიროა თუ არა მისი გაზრდა და რა გავლენა ექნება ამას ბიზნესისა თუ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილება მინიმალური ხელფასის მომატების შედეგად. ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ ქართველი და გერმანელი პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები”, - აცხადებენ საქართველოს პროფკავშირებში.