47 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესი

ბიზნესი მეცნიერებაა, რომელსაც მათემატიკის ცოდნა, მოთმინება და დათმობა სჭირდება. მეცნიერება, რომელშიც ყველა ქცევა გამართლებული არ არის. ცხოვრებაში კი ფულზე მეტი ძალა სხვა რამეს აქვს - PalitraNews-ის რუბრიკის "ბიზნესბლიცი" სტუმარი „ჯინო ფერედაისის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე იყო.

”ბიზნესპრესნიუსი” ბლიც ინტერიუს უცვლელად გთავაზობთ.

პირველი ნაბიჯები ბიზნესში

47 წლის რომ ვიყავი, ჩემი დიპლომატიური საქმიანობა ავსტრიაში მაშინ დასრულდა. როტაციის წესით ეს არის 1996 წელი. პრაქტიკულად გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი საკუთარ ბედთან ურთიერთობაში მომესინჯა, დამეწყო საქმის დამოუკიდებლად კეთება. უნდა ვთქვა, რომ მაშინ ერთი ძალიან რთული პერიოდი მქონდა. გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებები კი იყო ყველა კუთხით, მაგრამ კონკრეტულად რომ რაღაც ბიზნესი მეკეთებინა და მეხელმძღვანელა, ასეთი არა.

იმედგაცრუება ბიზნესში

რა თქმა უნდა, მქონია. მაგრამ მთავარია პროცენტული შესაბამისობა. თუ 100%-დან 99 არ გიმართლებს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, თუ 100-დან 50-მა მაინც გაგიმართლა, უკვე კარგია. თუმცა რაოდენობიდან გამომდინარე მარტო პროცენტულობაც არ არის. არის შემთხვევები, როდესაც პროდუქტს იღებ და ის პროექტი საახალწლო ნაძვის ხესავით ხდება. შემდეგ ზედ როგორც სათამაშოები ეკიდება, ასე იხუნძლება ბიზნესის სხვა მიმართულებებით და იმის სატელიტი თემები ჩნდება, რომელიც ამ მთლიან სურათს, რასაც ბიზნესი ქვია, ავსებს.

კარგი ბიზნესმენის მთავარი თვისება

მე მგონია უპირველესი არის, რომ თვითონ იყო სულით-ხორცამდე წესიერი კაცი, სამართლიანი, სიტყვის პატრონი, ორგანიზებული, მოტივირებული. კიდევ უამრავი სხვა ფაქტორებია, რომლებიც აუცილებელია ბიზნესმენისთვის. თქვენ თუ იწყებთ რაღაც თემას, წახვალთ და ვიღაცებს დააბარებთ,  რომ ერთი წლის შემდეგ მოვალ და ეს დამახვედრეთო, უნდა იცოდეთ, რომ იქ არაფერი არ დაგხვდებათ სათქვენო. შეუძლებელია თქვენ ვიღაცას რაღაც პასუხისმგებლობა ან თქვენი დავალების შესრულება მოთხოვოთ თუ თქვენ იქით არ ასრულებთ თქვენს სიტყვას. არის კიდევ მეორე მომენტი, თქვენ ასრულებთ სიტყვას, მაგრამ ისინი არ ასრულებენ, ამ შემთხვევაშიც რაღაც გარკვეული გრადაციის უნარი უნდა გქონდეს, სად ღირს რომ რაღაც გადაჭრა და ამით დაამთავრო იმიტომ, რომ ეს ხიდი არასოდეს არ აშენდება. სადღაც სხვა გზა უნდა ეძებო, როგორ განავითარო, რომ ის კარგად აშენებული ხიდი, რომელმაც რაღაც მომენტში გაჭედა, მოხსნა და მოძრაობა გააგრძელო.

ფული ჩემთვის არის

ფული არის საშუალება, რომ ადამიანმა გარკვეულწილად აისრულო ის ჩანაფიქრები, რაც გაგაჩნია. მაგრამ ეს ყველაფერი ფულად არ ღირს. ძალიან ხშირად ფულზე მეტად გაცილებით დიდი ძალა აქვს შენს სახელსა და ავტორიტეტს და ურთიერთობებს ადამიანებთან. მით უმეტეს, საქართველოში.

ბიზნესისთვის მიუღებელია

გარკვეული ადამიანების რაოდენობა თვლის, რომ ბიზნესში მიუღებელი არაფერიაო - ყველაფერი მისაღებია, თუ კი შედეგს მიაღწევო. თუმცა მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც თვლის რომ არ შეიძლება ყველაფრის მიღწევა ყველაფრის ხარჯად. არსებობს თემები, რომლის გაცვლაც არ შეიძლება. საერთოდ ადამიანი რაც უფრო ადრე შეეჩვევა იმას, რომ ცხოვრება სინუსურია, ხან ზემოთ ხარ, ხან ქვემოთ, უკეთესია. მთავარია, ეს სინუსური ხაზი ზემოთ მიდიოდეს, თორე ეს ცხოვრებისეული რყევები და ტალღები ყოველთვის არის და იქნება. ამ ტალღების დროს, როდესაც გაგიჭრდა და რაც ადრე მიუღებელი იყო, ახლა უკვე იმას შენ მისაღებად თვლი და ყველაფერზე მიდიხარ - არ არის სწორი. ცხოვრება აგიყვანს ზევით მხარეს, თუ წესიერი კაცი დარჩი და მერე ის ნიუანსები, რომლებიც ჩაიდინე, ძალიან მწარედ, შენ თვითონ არ გაძლევს ადამიანს მოსვენებას. მე ასე მჯერა. მეც მომსვლია ეს შეცდომა.

ჩემი სუსტი მხარეა

არის ერთ-ერთი მხარე, რომლითაც სამწუხაროდ, ხანდახან სარგებლობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი ადამიანის თვისება უნდა იყოს დათმობა. არ უნდა აიძულო სუსტს, რომ დაგითმოს. შენ თუ ძლიერი ხარ, შენ დაუთმე. ეს უნდა იყოს სიძლიერის მაჩვენებელი და არა სისუსტის. სამწუხაროდ, ხანდახან ამას სწორად ვერ იგებენ. თუ რაღაცაში დათმე, რაღაცაზე თვალი დახუჭე, თუ რაღაც თითქოს და ვერ დაინახე, გითვლიან, რომ ეს რა კარგია - მიდი ბოლომდე! ეს ასე არ შეიძლება! ეს, სხვთა შორის, გარკვეულწილად ზარალს გაყენებს, ხანდახან სერიოზულ ზარალს.

ვისგან იღებთ რჩევებს

ყველას ვუსმენ. სხვათა შორის ძალიან ხშირად ჩემები მსაყვედურობენ - არ იღლები ამდენი ხალხის მოსმენითო? ადექი და უთხარიო: არა ბატონო, კარგად იყავი! ძალიან ბევრ ვუსმენ, ვფილტრავ და რაც მისაღებია, იმას ვღებულობ.

ვამაყობ

რაც კი გავაკეთე ამ ქვეყანაზე ყველაფერი ჩემი საკუთარი გონებითა და ხელებით შევქმენი. ამიტომ არის, რომ ყველას ძალიან თავისუფლად ვუყურებ თვალებში. მიმარტივდება ყველა გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ არავითარი ვალდებულება არავის მიმართ არ მაქვს. თუ მაქვს ვალდებულება ეს არის ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ვალდებული ამ ქვეყანაზე ხალხისთვის რაღაცა ვაკეთოთ.

რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს

უპირველეს ყოვლისა, ისწავლონ დათვლა, გამრავლების ცხრილიდან დაწყებული, რადგან ბიზნესი ეს არის მეცნიერება, რომელიც პრაქტიკულად მათემატიკით იწყება. მეორე, ბიზნესი ეს არის მეცნიერება, სადაც ადამიანმა უნდა ისწვალო ცხოვრება, ადამიანებთან ურთიერთობა, დაფასება, სიყვარული. ამ ყველა კომპონენტისა და ბევრი სხვა კომპონენტის გარეშე ძალიან ძნელია ცხოვრება. მაგრამ საწყისი არის მათემატიკა და ისწავლონ კიდევ ერთი რამ, სულწასულობა ბიზნესისთვის დამღუპველია. ისწავლონ მოთმინება.