საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის, რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია იყოფა შემდეგ ზონებად და მიკროზონებად:
• კახეთი. ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი;
• ქართლი. ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი;
• მესხეთი;
• იმერეთი. ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი;
• რაჭა-ლეჩხუმი. ქვეზონები: რაჭა, ლეჩხუმი;
• შავი ზღვის სანაპირო ზონა. ქვეზონები: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი.
კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები მდებარეობს ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი. კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე სოვინიონი (ფრანგული ჯიში), თავკვერი, იყალთოს წითელი და სხვა. კახეთში მოყვანილი ყურძნისგან მაღალი ხარისხის როგორც ევროპული, ასევე კახური ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო მზადდება.
ქართლი მეღვინეობის გამორჩეული რეგიონია საქართველოში, რომელიც ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ვენახები გაშენებულია მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების - ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე. ქართლს, ისევე როგორც სხვა რეგიონებს, აბორიგენული ჯიშები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ქართლში გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო და საფერავი. ასევე გვხვდება იშვიათი ჯიშები: ჭყლაპა, ანდრეული, არაგვისპირული, გრძელმტევანა, მელიკუდა, ჭროღა, ხარისთვალა, ძელშავი. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია უცხოური ჯიშებიც: ალიგოტე, პინო შავი და თეთრი, შარდონე და სხვა. ქართლში, ისევე როგორც კახეთში, გავრცელებულია ტრადიციული და ევროპული მეღვინეობა. ადგილწარმოშობის ღვინის ჯიშებიდან ერთ-ერთი - „ატენური“, სწორედ ქართლში იწარმოება.
იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, სადაც ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობაა, ამიტომ ღვინოები ყველგან განსხვავებულია. იმერეთში გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, ძელშავი, ალადასტური, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, ოცხანური საფერე, არგვეთული საფერე, რკო, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ვანის ჩხავერი და სხვა. ტრადიციული მეღვინეობა აქაც, როგორც სხვა რეგიონებში, ქვევრთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმერეთში ჭურს უწოდებენ. განსხვავებით კახური ტრადიციული ღვინისგან, აქ ტკბილს უმატებენ ჭაჭის მხოლოდ მცირე ნაწილს. დადუღების შემდეგ ღვინოს ჭურში აყოვნებენ დაახლოებით 2 თვე, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და ამუშავებენ. იმერული ტიპის ღვინო ლამაზი ყვითელი ფერისაა, სრული, შინაარსიანი, საკმაოდ ჰარმონიული და ხალისიანი. იმერეთი განთქმულია სვირული კრახუნათი, ობჩური ცოლიკოურითა და კვალითური ციცქათი. იმერეთში იწარმოება ადგილწარმოშობის ღვინო „სვირი“. იხილეთ გაგრძელება