რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 თებერვალს, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა შეხვედრაზე 2016 წელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის შედეგები განიხილეს.
„აღნიშნული პროცესი კვლავ იმ სფეროებს ეხება, სადაც პროგრესი შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთის დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ საქონლის ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 17%-ით გაიზარდა და წინასწარი შეფასებით, 800 მილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა.
„რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შევიდა და ქართული პროდუქციის რეალიზების მნიშვნელოვანი ბაზარია. კერძოდ, გასულ წელს საქართველოს ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი რუსეთზე მოვიდა“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს.
„შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსული მხარის პოზიცია სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით და არ გამორიცხა მისი მთლიანად გაუქმებაც. ეს დიდ წილად ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.