”პალიტრა ჯგუფსა” და ”პროკრედიტ ბანკს” შორის 9 თებერვალს, 12 საათზე, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმადაც, ”პროკრედიტ ბანკი” „პალიტრა ჯგუფს“, როგორც სიახლეებზე, განვითარებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას 8 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა მოხმარდება როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროექტების განვითარებას.
”გვქონდა მოლაპარაკებები ”პროკრედიტ ბანკთან”. გავიარეთ ბევრი პროცედურა და გერმანულმა მხარემ ჩვენთან, როგორც თანამედროვე, სანდო, სტაბილურ და სწრაფად განვითარებად კომპანიასთან, თანამშრომლობა გადაწყვიტა. ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი კომპანია „პალიტრა ჯგუფთან“ თანამშრომლობით დაინტერესდა და ჩვენი პროექტების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო. კრედიტი ევროპულ, ქართულ ბაზართან შედარებით ძალიან დაბალ პროცენტში მივიღეთ. ეს ძალიან გვახარებს, რადგან ბევრი ახალი იდეის და პროექტის განხორციელებას შევძლებთ. ”პალიტრა ჯგუფი” პროგრესულად განვითარებადი ჰოლდინგია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ახალი წამოწყება, ინოვაცია და კომპანია ყოველდღიურად ვითარდება,” - აცხადებს ”პალიტრა ჯგუფის” ფინანსური მენეჯერი ლაშა დევდარიანი.
კონტრაქტი ხვალ, ”პალიტრა ჯგუფში”, 12:00 საათზე გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს ”პალიტრა ჯგუფის” გენერალური დირექტორი ირაკლი თევდორაშვილი, ”პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ დირექტორი ალექს მატუა და ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის“ მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ რეიტაგი მოაწერენ.