„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განმარტებას აკეთებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან იუწყებიან, უკანასკნელ პერიოდში მასმედიის სხვადასხვა საშუალებებითა და სოციალური ქსელების მეშვეობით ცალკეული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქმება შეფასებები საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე, რომლითაც ცვლილება შედის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში.
”მართალია, ამ კომენტარებში კანონპროექტის ძირითადი ნაწილი პოზიტიურადაა შეფასებული, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ისმის უსაფუძვლო კრიტიკა მის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესწრეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს განმარტებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პრეტენზია ეხება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების წესს, კერძოდ, გამოითქვა ვარაუდი, რომ ცვლილებებმა შესაძლებელია გაუმართლებლად შეზღუდოს გასაჩივრების უფლება ორი მიზეზით – დაინტერესებული პირის ინსტიტუტის დამკვიდრებითა და საჩივრის წარდგენისათვის საფასურის დაწესებით. საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში ფართოდ გამოიყენება დაინტერესებული პირის ინსტიტუტი. ასეთ მიდგომას ვხვდებით ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, დანიაში, ესტონეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსში, უნგრეთში, მალტაში, პოლონეთსა და სხვა. ზემოაღნიშნული ინსტიტუტი გულისხმობს, რომ საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომელსაც კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით აქვს იურიდიული ინტერესი, რაც განიმარტება იმგვარად, რომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეხებოდეს კონკრეტულ პირს, რომელსაც ამ უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ადგება ან შესაძლებელია მიადგეს ინდივიდუალური და უშუალო ზიანი. ამ პრინციპზე დაყრდნობით, კანონპროექტში გაიმიჯნა ორი შემთხვევა: 1. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრება, ყოველგვარი საჩივრის წარდგენის საფასურის გარეშე, შეეძლება შესყიდვებში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველსა და პრეტენდენტს; 2. რაც შეეხება შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვერ იქნება ნებისმიერი მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი, რადგან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები მიმართულია პირთა კონკრეტული წრისადმი – ტენდერში მონაწილეებისადმი. ცვლილება განპირობებულია იმით, რომ, ხშირ შემთხვევაში, ტენდერში არამონაწილე პირები ვერ ადასტურებენ იურიდიულ ინტერესს კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით და წარადგენენ დაუსაბუთებელ საჩივრებს, რაც აჭიანურებს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს და ერთდროულად ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა დაეფუძნა სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, მაგალითად, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში საბჭოში სულ შეტანილი 1323 საჩივრიდან დაკმაყოფილდა არადაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი საჩივრების მხოლოდ 4,4%.
”თუ გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში, საშუალოდ, 35 000 ტენდერი ცხადდება, ამ რიცხვთან მიმართებით არადაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების ხვედრითი წილი შეადგენს 0,2%-ს. რაც შეეხება საჩივრის წარდგენის საფასურს, როგორც უკვე აღინიშნა, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრება იქნება უფასო. საჩივრის წარდგენის საფასური მკვიდრდება მხოლოდ ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის, ვინაიდან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტენდერში მონაწილეები, ხშირ შემთხვევაში, განზრახ წარადგენენ საჩივრებს, რათა შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კონკურენტ პრეტენდენტებს ხელოვნურად გაუჭიანურონ შესყიდვის პროცედურები, თუმცა აქაც ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჩივრის წარდგენის საფასური ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა, ექვემდებარება მომჩივანისთვის უკან დაბრუნებას. ამრიგად, ნათელია, რომ ცვლილება გაუმართლებლად ვერ შეზღუდავს გასაჩივრების მექანიზმს და მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არსებული პროცესის გაჯანსაღებას, დავების განხილვის/უფლების დაცვის ეფექტიანობის ამაღლებას, სახელმწიფო შესყიდვების შედეგიანად წარმართვას. რაც შეეხება ვარაუდს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სატენდერო წინადადების მიღების ვადის ხელახალი ათვლა ხელოვნურად გაზრდის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვების რიცხვს, სააგენტო განმარტავს, რომ კანონპროექტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა ხელახლა არ აითვლება, არამედ იგი გადაიწევს (გახანგრძლივდება) პროპორციულად, იმ ვადით, რა ვადაც გასულია ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე. შედეგად, განსხვავებით დღეს მოქმედი წესისა, ბიზნესსექტორის უფლებები იქნება დაცული და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გონივრულ ვადაში მოამზადონ სატენდერო წინადადებები. რაც შეეხება გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების ხელოვნურად დადგომის რისკს, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო 2015 წლის ნოემბრიდან სისტემის SMP მოდულის გამოყენებით ითანხმებს გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს, იგი მინიმიზებულია. აღნიშნულის დასტურად გამოდგება ის სტატისტიკური მონაცემები, რომლის შესაბამისადაც, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში 35%-ით შემცირდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვების ოდენობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ფასისა და ხარისხის კრიტერიუმებზე დაყრდნობით შესყიდვის ჩატარებას, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საკუთარი ინიციატივით უკვე დანერგა და იგი წარმატებით მოქმედებს 2016 წლის 1 აგვისტოდან. საგულისხმოა, რომ დაგეგმილ ცვლილებებს იწონებენ, როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ და იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნული განმარტებები მოხსნის განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებულ სკეფცისს”, - ნათქვამია განცხადებაში.