შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ბათუმში, 9-11 თებერვალს ჟურნლისტებისთვის მედიატური გაიმართება. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის, მომსახურებისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მედიატურის მონაწილეებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ, კერძოდ, მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ცვლილებისა და აუდიტის რეგლამენტის შესახებ ვრცელ და დეტალურ პრეზენტაციებს წარუდგენენ.
მათივე ინფორმაციით, 10 თებერვალს, სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტები ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას მოინახულებენ და საბაჟო პროცედურებს ადგილზე გაეცნობიან.
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ჟურნალისტები დაათვალიერებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ ცენტრს, სადაც ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებისა და არაცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება.