რა იწვევს ლარის გამყარებას?

ისეთ კრიტიკულ თვეებში, როგორიც იანვარი და თებერვალია ლარმა მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც დაიწყო გამყარება. პროცესი 5 იანვრიდან დღემდე მიმდინარეობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ექსპერტთა ნაწილის ვარაუდი, რომ 2017 წლის პირველ 2 თვეში ეროვნული ვალუტა 2,80-ის ნიშნულს გადასცდებოდა არ გამართლდა. დღესდღეობით ეკონომიკისთვის მისაღებ გაცვლით კურსად 2,20-2,30 სახელდება.

ლარის გამყარებას, თავის მხრივ, ხელს უწყობს მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასის შემცირება და რეფინანსირების სესხის შეზღუდვაც. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში 2,999 მლრდ ლარი ბრუნავდა, ხოლო 7 თებერვლის მდგომარეობით, 2.759 მლრდ ლარი. გამოდის, რომ ნაღდი ფულის მასა პირველი იანვრიდან დღემდე 240 მლნ-ით შემცირდა. დაახლოებით ასეთივე მოცულობით დაიკლო რეფინანსირების სესხებმაც.

"რეზონანსთან" საუბრისას საბანკო სფეროს სპეციალისტმა გოჩა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ლარის გამყარების მთავარი მიზეზი მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შეზღუდვაა, რაც ერთგვარად პოზიტიური ტენდენციის მიზეზი ხდება.

"ლარის გამყარების ზუსტი მიზეზების დადგენა ცოტა რთულია. საქართველოში არაფინანსურ და ფინანსურ სექტორს აქვს საკმაოდ დიდი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში. მათ უწევთ გარკვეულ პერიოდში ამ ვალების დაფარვა. შესაბამისად, ეს წარმოშობს მოთხოვნას დოლარზე, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის ხდება ამ ვალების გასტუმრება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც იწვევს სავალუტო ნახტომებს. როგორც ჩანს, ახლა ვალების მომსახურების პერიოდი არ არის.

მეორე ფაქტორი არის მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შეზღუდვა. თუ დეფიციტური ხარჯვა იზრდება, ლარის კურსი უფასურდება, ხოლო თუ მცირდება, მაშინ მყარდება. რაც შეეხება რეფინანსირების სესხებს, იგი კურსზე მყისიერ გავლენას არ ახდენს", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.

სოციალური და ეკონომიკური საკითხების ექსპერტი პაატა აროშიძე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილმა 4-პუნქტიანმა გეგმამ, ლარის გარკვეულწილად გამყარება გამოიწვია. თუმცა, იგი იქვე დასძენს, რომ მთავრობის გეგმა სრულყოფილად ვერ გამართლდა. დღეს ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა კარგი იქნება თუ გამყარება ეტაპობრივად, ყოველგვარი ხელოვნურ ჩარევის გარეშე მოხდება და ლარი დავა იმ ნიშნულზე, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის მისაღებია.

"მთავრობამ ლარის გასამყარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ძალიან შესამჩნევია. საგარეო ბაზარზე არაფერი შეცვლილა. არც ნავთობის ფასი წამოსულა ქვევით, რომელზეც დოლარია მიბმული, ხოლო დოლარის კურსზე ჩვენ ვართ დამოკიდებული. აი, იმ გეგმებს, რომლებიც მოიცავდა ლარიზაციას, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და ა. შ. რაღაც შედეგი მოჰყვა.

მართალია, ლარიზაციის გეგმა იმ მასშტაბით არ წასულა, რისი მოლოდინიც ჰქონდათ, თუმცა გარკვეულწილად შეცვალა სიტუაცია და ლარის გაცვლით კურსზე აისახა. არავის არ ჰქონდა იმის იმედი, რომ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გამყარდებოდა. ძალიან კარგი იქნება, თუ ეტაპობრივად მოხდება და ლარი დავა იმ ნიშნულზე, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მისაღებია. ეს ნიშნული კი 2,20-2,30-ის ფარგლებშია.

დღეს გარკვეული სტაბილურობა მიღწეულია. ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, მისი შენარჩუნება. შემდგომში კი ეტაპობრივად მოხდეს ლარის კურსის ჩამოყვანა იმ ნიშნულზე, რაც ვახსენე. ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად დაჩქარებული პროცესი.

ქვეყნის ეკონომიკური გუნდი გამოფხიზლდა და დაიწყო იმ გეგმების განხორციელება, რომელიც დასახეს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროცესი მთლად ისე არ წარმართულა, როგორი იმედიც დასაწყისში ჰქონდათ. მთავრობა ლარიზაციაზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა თავადაც აღნიშნეს (პრემიერმაც და ფინანსთა მინისტრმაც), რომ ტემპი დაბალია", - განუცხადა "რეზონანსს" აროშიძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"