შვედი პიტერ სვაეტიჩინი ქართული ღვინის გლობალურ პოპულარიზაციაზე მუშაობს

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე ქართველებთან ერთად შვედი პიტერ სვაეტიჩინი აქტიურად ზრუნავს. მისი კომპანია MGeorgia მარკეტინგულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას ახორციელებს ცნობილი ქართული ღვინის ბრენდებისთვის. მათ შორისაა: შატო მუხრანი და GWS, რომელიც სამ კომპანიას აერთანებს: Tamada, Old Tbilisi და VISMINO.

”ღვინო საქართველოს სულია. მას ფანტასტიური პოტენციალი აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ შესაძლებლობის მცირე ნაწილიც არაა ათვისებული. სწორედ ამიტომ ჩემი კომპანია ცდილობს, ქართული ღვინო სათანადოდ გააცნოს მსოფლიოს”, – ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში ამბობს პიტერ სვაეტიჩინი.

45 წლის შვედი პიტერ სვაეტიჩინი, რომელიც 2010 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, MGeorgia-ს დამფუძნებელი და მმართველია. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები სასტუმრო ბიზნესი და სასმელები იყო. საქართველოში საქმიანობაც 2010 წელს ამ მიმართულებით დაიწყო.

”საქართველოში თითქმის ყველაფერი მომწონს. ბიზნეს პოტენციალი ძალიან დიდია. ასეთ პატარა ქვეყანაში განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა ყველა მიმართულებით. ხალხი ძალიან თბილია. თუმცა ქვეყანაში არაორგანიზებულობა და სურვილი, რომ საქმე არასტრუქტურულად აკეთო, ძალიან მაღალია. ამიტომ ხშირად შესვენებაა საჭირო, რომ ამ ტენდენციის გავლენის ქვეშ არ მოექცე”, - აღნიშნავს შვედი ბიზნესმენი.

პიტერ სვაეტიჩინის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით ხელისშემშლელი ფაქტორები გარეგანი და მეტ-ნაკლებად ზოგადია. მაგალითად, ეს არის ვალუტის კურსის მერყეობა და პოლიტიკური ლიდერების ცვლილება.

მისივე განმარტებით, საქართველოში ბოთლის ღვინის დალევა არ უყვართ. ქვეყანაში მოხმარებული ღვინის 80% არ არის ბოთლში დაფასოებული.

”ქვეყანაში წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული ღვინო იყო და ამიტომაც ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ მხოლოდ ის ღვინოა სანდო, რომელიც ოჯახის წევრმა ან მეგობარმა გააკეთა. ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება, თუმცა წლები დასჭირდება მის საბოლოო შეცვლას. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. გვინდა ქართული ღვინო სათანადო პოზიციას იკავებდეს მსოფლიო მასშტაბით. ვმუშაობთ, რომ ღვინის ნომერ პირველი კომპანია შევქმნათ საქართველოში და ის სათანადოდ წარვუდგინოთ მსოფლიოს. ჩვენ ყოველთვის გრძელვადიანი გეგმები და სტრატეგია გვაქვს და არასდროს ვართ კმაყოფილი არსებული ხარისხით”, - განმარტავს პიტერ სვაეტიჩინი.

სავეტიჩინი საქართველოში ბიზნესის დაწყების მსურველ ინვესტორებს ურჩევს, რომ საკმარისი დრო დაუთმონ წინასწარ მომზდებას და ბაზრის შესწავლას, კვლევებში ჩადონ ინვესტიცია. ბიზნესს ყოველდღიური დაკვირვება და კონტროლი სჭირდება.

ნანა მღებრიშვილი