საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში შესაძლოა 29 მარტიდან შევიდეს

მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან , - ამის შესახებ ბრიუსელში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დაამტკიცებენ.

როგორც ცნობილია, 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარდაჭერა ევროპარლამენტის 553-მა წევრმა გამოუცხადა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.