ერთ ადამიანსაც რომ უშვებ სამსახურიდან, იმ ერთი ადამიანისთვის ეს მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ამოვიდეთ იქიდან, როგორ დავხარჯოთ ოპტიმალურად სახელმწიფო თანხები , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.
სუბარის აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში გარკვეული ცვლილებები საჭიროა, თუმცა როგორ, ამის გადაწყვეტაში ვერც პრემიერ-მინისტრი და ვერც მთავრობის სხვა წევრები ვერ ჩაერევიან.
„ეს არის უშუალოდ სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ერთობლივი სამუშაოს გადასაწყვეტი. ჩვენ, ამ შემთხვევაში, ნდობას ვუცხადებთ მათ. ერთ ადამიანსაც რომ უშვებ, იმ ერთი ადამიანისთვის ყოველთვის არის მტკივნეული, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ამოვიდეთ იქიდან, როგორ დავხარჯოთ ოპტიმალურად სახელმწიფოს თანხები და როგორ მივიღოთ უკეთესი პროდუქტი და უკეთესი შედეგი. ზოგჯერ შეიძლება კი არ შეამცირო, არამედ გაუშვა ერთი და მის ადგილას მიიღო მეორე, რომელიც უკეთესად ასრულებს იმ მოვალეობას - გაათავისუფლო ერთი მინისტრი და მიიღო მეორე, რომელიც უფრო კარგია. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ტრაგედიებს ნუ შევქმნით ნურც მინისტრების შეცვლისგან, ნურც რიგითი თანამშრომლების და ა.შ,“, - განაცხადა სუბარმა.