”პროკრედიტ ბანკმა” „პალიტრა ჯგუფს” სპეციალური ბიზნესკრედიტი ევროპული განაკვეთით გამოუყო.
”პალიტრა ჯგუფსა” და ”პროკრედიტ ბანკს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ”პროკრედიტ ბანკმა” „პალიტრა ჯგუფს“, როგორც სიახლეებზე, განვითარებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, 8 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო.
როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის“ მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფრეიტაგიმ განაცხადა, ”პალიტრა ჯგუფი“ წარმატებული ბიზნესის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ვითარდება სტაბილურად და თანმიმდევრული სტრატეგიით.
”პროკრედიტ ბანკს საქართველოში” საშუალო ბიზნესთან გრძელვადიანი პარტნიორობის სურვილი გვაქვს. ჩვენი აზრით, „პალიტრა ჯგუფი“ წარმატებული ბიზნესის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ვითარდება სტაბილურად, თანმიმდევრული სტრატეგიით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პალიტრას წინსვლის დიდი ტრადიცია აქვს, ამიტომაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და გვიხარია, რომ ვართ ”პალიტრა ჯგუფის” პარტნიორები და ველოდებით სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობას”, - განაცხადა კრისტოფ ფრეიტაგიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა მსგავსი სახის ევროპული განაკვეთით ”პროკრედიტ ბანკი” სხვა მსგავსი პროექტების დაფინანსებას, კრისტოფ ფრეიტაგიმ უპასუხა, რომ ”გერმანიის პროკრედიტ ბანკი” იყენებს თავის შესაძლებლობებს, უზრუნველყოს იაფი დაფინანსება და ამგვარად ეხმარება საქართველოში ”პროკრედიტ ბანკს” ბიზნეს განვითარების მიზნით”.
”გერმანიის ”პროკრედიტ ბანკი” ”პროკრედიტ ბანკ საქართველოსთან” თანამშრომლობით, ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ვითარება, რომელშიც ყველა მხარე, ასე ვთქვათ, გამარჯვებული იქნება. ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს შესაძლებლობებს საქართველოში ”პროკრედიტ ბანკთან”, რათა დავაკავშიროთ ბიზნესები ერთმანეთს, გადავხედოთ და გავაანალიზოთ საინვესტიციო გეგმები და უზრუნველვყოთ ფინანსების მობილიზება. გერმანიის ”პროკრედიტ ბანკი” იყენებს თავის შესაძლებლობებს, უზრუნველყოს იაფი დაფინანსება და ამგვარად ვეხმარებით საქართველოში ”პროკრედიტ ბანკს” ბიზნესგანვითარების მიზნით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ხელსაყრელ პირობებში გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფით, მცირე და საშუალო ბიზნესის ფასს ვზრდით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვქმნით სიტუაციას, რომელშიც ყველა მხარე სარგებელს იღებს. ვფიქრობთ, ამ კუთხით უნდა განვვითარდეთ”, - აღნიშნა კრისტოფ ფრეიტაგიმ.
თავის მხრივ, ”პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ დირექტორ ალექს მატუას თქმით, ”პალიტრა ჯგუფი” აღქმულია როგორც პარტნიორი და არა, როგორც კლიენტი. ბანკის დირექტორის განმარტებით, ”პალიტრა ჯგუფმა” დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რაც კი არსებობდა გერმანული მხარის მიერ.
”მოგეხსენებათ, ”პროკრედიტ ბანკმა” სტრატეგია შეიცვალა და მთლიანად ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ამ პროცესში ბანკმა დანერგა მრავალი ახალი პროექტი ბოლოს წლების განმავლობაში. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ, ეს არის თანადაფინანსების პროგრამა. ეს არის პროგრამა, რომელიც ”პროკრედიტ ბანკ საქართველოსა” და ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის” მიერ ხდება ერთობლივი პროექტების დაფინანსება საქართველოში. ჩვენი დამფუძნებლების და გერმანული მხარის მიერ საქართველო აღიქმება განვითარებად ეკონომიკად და შესაბამისად, არსებული კომპანიები არის ძალიან საინტერესო, როგორც ”პროკრედიტ ბანკ საქართველოსთვის”, ისე გერმანიისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი მოცულობითი პირველი პროექტი გავაკეთეთ ”პალიტრა ჯგუფთან”. ალბათ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ”პროკრედიტ ბანკს”, როგორც ერთადერთ ევროპულ ბანკს, აქვს ძალიან მაღალი მოთხოვნები. იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, არის გერმანულ პირობებთან ერთად გერმანული მოთხოვნები. შესაბამისად, ”პალიტრა ჯგუფი” იყო ის კომპანია, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რაც კი არსებობდა გერმანული მხარის მიერ. ჩვენ შევძელით ”პალიტრა ჯგუფთან” ერთად, როგორც ერთ-ერთ განვითარებად, სტაბილურ და კარგი სტრატეგიის მქონე კომპანიასთან შეთანხმების მიღწევა. რა არის მთავარი კრიტერიუმები იმისთვის, რომ კომპანიამ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ამ პროექტს გააჩნია? - აქ არის მთავარი მენეჯმენტის სტრუქტურა, მენეჯმენტის სტრატეგია, დამფუძნებელთა სტრუქტურა, ბიზნეს სტრატეგია მომავალში, განვითარების სტრატეგია, სტაბილურობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განსაკუთრებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის სფერო, სადაც ხდება ამ თანხების ინვესტირება და განვითარება”, - განაცხადა ალექს მატუამ.
მისი თქმით, წარმოება არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გააჩნია ”პალიტრა ჯგუფს”, და რომელიც ”პროკრედიტისთვის” კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
”ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, მოხდა შეთანხმება საკმაოდ მოცულობითი პროექტის დაფინანსებისა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”პალიტრა ჯგუფი” აღვიქვით როგორც პარტნიორი და არა როგორც კლიენტი. გამჭვირვალე, ტრანსფარენტული ურთიერთობებიდან გამომდინარე შევძელით ამ პროექტის წარმატებით დასრულება და შევქმენით შემდეგი პირობები იმისა, რომ მომავალში შევძლოთ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ამ კომპანიის და ჯგუფის განვითარებისთვის”, - აღნიშნა ”პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ დირექტორმა.
”პალიტრა ჯგუფის” ფინანსური მენეჯერი ლაშა დევდარიანი კი განმარტავს, რომ ”სასიხარულოა რომ ქართულ ბაზარზე შესაძლებელი ხდება ასეთი პირობებით კრედიტის მიღება ბიზნესორგანიზაციებისთვის”. მისი თქმით, ეს აუცილებლად დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ბიზნესკლიმატზე.
”კრედიტი გერმანიის სათავო ბანკიდან გამოიყო და მისი ძირითადი ნაწილი ფაქტობრივად ევროპაში არსებულ განაკვეთში მივიღეთ. ეს საშუალებას მოგვცემს პალიტრა ჯგუფის, როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროექტები უფრო სწრაფად და მასშტაბურად განვავითაროთ. სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე შესაძლებელი ხდება ასეთი პირობებით კრედიტის მიღება ბიზნესორგანიზაციებისთვის. ეს აუცილებლად დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ბიზნესკლიმატზე,“- განაცხადა ლაშა დევდარიანმა.
ხელშეკრულებას ხელი ”პალიტრა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი თევდორაშვილმა, ”პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ დირექტორმა ალექს მატუამ და ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის“ მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფ რეიტაგიმ მოაწერეს.
”პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლებმა დღესვე ”პალიტრა მედია” დაათვალიერეს.