PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.
რწმენა, სტიმული , შრომა, რისკი, იმედგაცრუება - ბიზნესის შემადგენელი ნაწილები და ის ოქროს წესები რომლებიც დამწყებმა ბიზნესმენებმა უნდა იცოდნენ - PalitraNews-ის რუბრიკის "ბიზნესბლიცი" კითხვებს "ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ფხაკაძემ უპასუხა.
პირველი ნაბიჯები ბიზნესში
ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ 1985-86 წლებში დავიწყეთ. მადლობა ღმერთს, ისეთი მეგობრებით ვიყავი გარშემორტყმული, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ფეხზე დავმდგარიყავით. ეს წლები რთული იყო. თითქმის ორი წლის მანძილზე კვლევით ინსტიტუში ვმუშაობდი, ვიყავი მეცნიერთა უმცროსი თანამშრომელი და შრომისთვის საკმაოდ მობილიზებული. პარალელურად კოოპერაცია დავიწყეთ, პირველი კოოპერატივი 1986-87 წლებში ჩამოვაყალიბეთ და შემდეგ იმ სფეროში გადავედით, რასაც დღეს ვაწარმოებ.
პირველი ხელფასი
1974 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა, რის შემდეგადაც სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობდი, მტვირთავი მუშა ვიყავი. აი მაშინ მივიღე პირველი ხელფასი. ჩემი პირველი ხელფასით ჩემს პირველ მასწავლებელს საჩუქარი გავუკეთე, რომელსაც მე ჯერ კიდევ პირველ კლასში, ფეხსაცმელები გავუფუჭე. სკოლაში რომ შემიყვანეს, 5 წლის ვიყავი და პირველ მერხზე ვიჯექი, მაშინ მელანი და კალამი დაგვქონდა სკოლაში, სამელნეს ხელი გავკარი და ჩემს მასწავლებელს ფეხსაცმელები დავუსვარე, ჩემმა პედაგოგმა მითხრა: პირველ ხელფასს რომ აიღებ, ფეხსაცმელები უნდა მიყიდოო და როდესაც პირველი ხელფასი მივიღე, პირობა შევასრულე.
იმედგაცრუება ბიზნესში
იმედგაცრუება ყოველთვის შეიძლება მოხდეს არა მარტო ბიზნესში, ყველაფერში, ცხოვრებაში. მთავარი ის არის, რომ არ უნდა შეგეშინდეს. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ამ იმედგაცრუებას ისევ პოზიტივით უპასუხო და წინ გადადგა ნაბიჯი.
ფული ჩემთვის არის
ფული ეს არის აუცილებელი საშუალება, ერთ-ერთი ინგრედიენტი, რომ მიზანს მიაღწიო.
ჩემი სუსტი მხარეა
ზედმეტი მგრძნობიარობა და ცოტა რომანტიკული ვარ. ეს შეიძლება უარყოფითადაც ჩაითვალოს, ზოგადად ბიზნესში, მაგრამ მე ეს მიყვარს და მე ამით ვამაყობ. ჩემი სისუსტითაც ვამაყობ.კონკურენტები ჩვენზე ფიქრობენ, რომ...
ჩემი აზრით, ფიქრობენ, რა კარგია ისეთი კონკურენტი რომ ყავთ, რომელიც საშუალებას არ აძლევთ იოლად უყურონ საქმე. ჩვენ ერთმანეთს ვაღვიძებთ. ისინი ფიქრობენ, კარგია ასეთი კონკურენტი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ მხოლოდ დავისვენოთ.
ბიზნესისთვის მიუღებელია
არა მარტო ბიზნესში, ცხოვრებაში, ყველგან, როდესაც იმედი გაქვს, გვერდში გყავს ადამიანი, ის შენი დასაყრდენია, ცდილობ დაეყრდნო და ამ დროს დაეცემი. ეს არის ყველაზე მიუღებელი ბიზნესისათვის.
სტიმულს მაძლევს
რწმენა ღმერთისა, რწმენა ცხოვრების, რწმენა იმისა, რომ რასაც ვაკეთებ ეს მართლა სჭირდება საზოგადოებას. სტიმული ჩემთვის არის მიღწეული შედეგები და ნათლად ვიცი, რომ შრომით მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც საბოლოოდ გაგვახარებს და გამარჯვების ზეიმი გვექნება.
თანამშრომლებთან ურთიერთობისას
თანამშრომლებთან საკმაოდ ლოიალური ვარ, მაგრამ შეურიგებელი ვარ იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შრომა არ უყვართ. ხშირად თვალს ვარიდებ, იმიტომ რომ იმდენად მიყვარს ადამიანი არ მინდა ვაწყენინო.
მეგობრობა ბიზნესში
ზოგადად ბიზნესში მეგობრობა ხშირად ხელს უშლის ბიზნესს. ეს ძალიან ბანალური პასუხია, მაგრამ ეს ასეა. თუმცა საქართველოში სხვანაირად არ ხდება. ბიზნესს ან მეგობრებთან ერთად იწყებ ან არა და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი თქვენი მეგობრები ხდებიან, ან უფრო მეტიც - ნათესავები. საქართველოში ამას ვერ გაექცევი.
ვისგან იღებთ რჩევებს
მაქვს უნარი მოვუსმინო ყველას და მათი აზრი გავითვალისწინო. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჩემ ირგვლივ ბევრი ხალხია და ისინი ჩემთან ურთიერთობაში თავისუფლები არიან. მხოლოდ მშრომელი ხალხისგან ვიღებ რჩევას, უქნარა ადამიანისგან, იმდენი ტაქტი მყოფნის, რომ მოვუსმინო, მაგრამ რჩევას ვერ მივიღებ.
რისკი ბიზნესში
საწყის პერიოდში ძალიან დიდ რისკებს ვწევდით, იმიტომ რომ დასაკარგი თითქმის არაფერი იყო. ახლა ცხოვრების გამოცდილებამ ისე შეგვიწყო ხელი, რომ რა თქმა უნდა ვრისკავთ, მაგრამ დღევანდელ დღეს უფრო მეტად გააზრებული რისკები გვაქვს ვიდრე ადრე.
რა აქვს უარყოფითი ბიზნესმენის სტატუსს
როდესაც ბიზნესში პასუხისმგებლობას იღებ და ირგვლივ ხალხს იკრავ, ხედავ, რომ ზოგი შრომოს, ზოგი ნაკლებად შრომობს, ხანდახან გიხდება, რომ ვიღაც სამსახურიდან გაუშვა, ვიღაცას შენიშვნა მისცე. მართალია ისინი შეიძლება თვალცრემლიანიც კი გავიდნენ ოფისიდან და ამას გული და სული მიყვება, იმიტომ რომ ადამიანი ვარ, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა ის ხალხი დავიცვა, ვინც შრომისთვისაა და მზად არის გვერდით დაგიდგეს.
დღეს რომ თავიდან ვიწყებდე ბიზნესს...
ნებისმიერი ადამიანი შეცვლიდა, შეცდომებს ამოაგდებდა და ისევ იმ გზით წავიდოდა. ბიზნესი რომელსაც ვაკეთებ ძალიან მიყვარს.
რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს
უყვარდეს საქმე, რომელსაც იწყებს. შრომისათვის გადადოს თავი და იყოს პასუხისმგებელი მის ქმედებაზე, გაუფრთხილდეს სიტყვას, იცოდეს სიტყვის ფასი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე