130 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა

აჭარაში იძულებით გადაადგილებულ 130 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა , - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

მინისტრების თქმით, ამით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა დასრულდება. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 130 ბინა გადმოეცა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იყოს განკუთვნილი. ეს პროცედურები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება. დარჩენილია მხოლოდ იურიდიული პროცედურა, რის შედეგადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთ ლარად გადასცემს აღნიშნულ ფართებში შესახლებულ მოსახლეობას ბინებს. პროცედურები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება“,- განცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

„2009 წლის 3 დეკემბერს ამ ბინაში სახელმწიფომ შემოგვასახლა. მეშვიდე წელია აქ ვცხოვრობ და ბინა არ იყო დაკანონებული, დღეს გავიგეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადასცეს აჭარის მთავრობას საკუთრებაში. დიდი მადლობა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი საკუთრება გვექნება“, - განაცხადა მედეა კიკნაველიძემ.