სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ეროვნულ ვალუტაში მოხდება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.
„აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაშია ქვეყნის ლარიზაციის სახელმწიფო გეგმასთან და სესხების ლარში აღების სტიმულირებას ახდენს; სავალუტო რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია ბენეფიციარებისთვის გრძელვადიანი სესხები ეროვნულ ვალუტაში გაიცეს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებამდე, ძირითადი საშუალებების კომპონენტში სესხის მაქსიმალური ვადა განსაზღვრული იყო 7 წლით. ცვლილებების თანახმად, სესხის ვადის შეზღუდვა მოიხსნა. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდი განისაზღვრა პირველი ტრანშის გაცემიდან 66 თვის ვადით“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ ისარგებლონ როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებით და მათთვის ოპტიმალური არჩევანი გააკეთონ.
სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ახალი რედაქციის თანახმად, პროექტის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსებაც გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. დამატებით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა კაკლოვანი კულტურების შემნახველი საწარმოების დაფინანსება.
დღეის მდგომარეობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სულ 16 000-ზე მეტ ბენეფიციარზე 27 000-ზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული. კომერციული ბანკების მიერ გაცემული თანხა 759 მლნ ლარს და 238 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 154 ახალი საწარმო შეიქმნა და 700 გადაიარაღდა.