დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარებას დაახლოებით 37 000 ოჯახი ელოდება, რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სამინისტროს დაახლოებითი გათვლებით 1.5 მილიარდი ლარი სჭირდებ.
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ავრცელებს.
IDFI მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოძიება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას.
”მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით გაცემულია გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე მიახლოებითი გათვლებით (1,5 მილიარდი ლარი) საჭიროა სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინის მქონე ოჯახების დასაკმაყოფილებლად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებების მიხედვით, 2011 წლიდან 2016 წლის პირველი 8 თვის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ საშტატო თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 1,735,331,710 ლარი. სამწუხაროდ, 2011 წლამდე მსგავსი მონაცემები ინსტიტუტისათვის უცნობია, თუმცა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2008 წლიდან მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50%-იანი ეკონომიის და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის პირობებში, დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი საქართველოში უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა მუდმივი საცხოვრებლით”, - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.