ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ე.წ. კედლის მშენებლობა, რომელიც ღობეებს, კედლებსა და მავთულხლართებს მოიცავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საბოლოო ჯამში 21,6 მილიარდი დოლარი დაუჯდება. კედლის დასრულებას კი სამ წელიწადზე მეტი დასჭირდება. მონაცემებს „როიტერი“ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების გეგმით, კედლის მშენებლობა სამ ეტაპად უნდა წარიმართოს. კედლის საერთო სიგრძე დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი იქნება, ხოლო დასრულება 2020 წლისთვის ან ოდნავ მოგვიანებით იგეგმება. ამ დროისთვის გამყარებულია საზღვრის დაახლოებით 1046 კმ, თუმცა ახალი კედელის აღმართვა პრაქტიკულად ნულიდან დაიწყება.
დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენიასთან სატელეფონო საუბარი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხზე 27 იანვარს გამართა. ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი მეხიკოსა და ვაშინგტონს შორის არსებული უთანხმოების ფონზე წარიმართა, რომელსაც უნდა განესაზღვრა საზღვრის მშენებლობის ფინანსური დეტალები. ამის შემდეგ მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა, რისკენაც დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მეშვეობით მოუწოდა. მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება მექსიკიდან საქონლის იმპორტზე გადასახადი გაიზარდოს 20%-მდე, რომლის ნამატიც სწორედ საზღვარზე კედლის მშენებლობას მოხმარდება.
კოკა კვირკველია