ქართულ ბაზარზე ახალი, ხელნაკეთი შოკოლადი გამოჩნდა. შოკოლადის ბიზნესის წამოწყების იდეა 3 მეგობარს - ნინო თოთლაძეს, ირმა მესაბლიშვილსა და თამარ კაკუშაძეს რამდენიმე წლის წინ მოგზაურობის დროს დაებადათ.
მეგობრებმა ბიზნესის წამოწყება 2016 წლის ბოლოს შეძლეს, ბაზარზე კი მიმდინარე წლის იანვარში გამოჩდნენ.
”ბაზარზე ხარისხიანი შოკოლადი ნაკლებად იყიდება, ჩვენი შოკოლადი კი ხელით დამზადებულია, დანამატების გარეშე. მომზადების დროს ვიღებთ საუკეთესო ხარისხის იტალიურ საბაზისო შოკოლადს და ქართული და უცხოური წარმოების ჩირებსა და თხილეულს ვამატებთ. გაფორმების იდეები კი ულევია”, - ამბობს თამარ კაკუშაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
”Chocolaterie Suzette” - სუზეტის შოკოლადები, ასე ქვია ხელნაკეთ შოკოლადებს, რომელიც თამარ კაკუშაძის თქმით, იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც უპირატესობას ხარისხს ანიჭებენ. როგორც შოკოლადების შემქმნელი ამბობს, სახელწოდება ფრანგული კლასიკური დესერტის სახელწოდებიდან მოდის და ამ სახელის არჩევის იდეაც საფრანგეთში დაიბადა.
თამარ კაკუშაძის თქმით, ”სუზეტის შოკოლადების” მიმართ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება ნელ-ნელა იზრდება და შეკვეთებიც არის.
როგორც ”Chocolaterie Suzette”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, პროდუქტის საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით შეთავაზება გერმანიიდან მიიღეს და ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხების დამუშავება მიმდინარეობს.
თათია ახვლედიანი