რეგიონებში ”სოკარის” გაზის მომხმარებლები გაზრდილ გადასახადებზე ჩივიან. როგორც ფოთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ “სოკარის” გაზზე ტარიფი არ შეცვლილა , ბოლო სამი თვის განმავლობაში ბევრად მეტი გადასახადი ერიცხებათ, ვიდრე გაზს მოიხმარენ.
მომატებული გადასახდით უკმაყოფილოა ქობულეთში მცხოვრები მოქალაქეც, რომელიც „სოკარის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზზე გადასახადი გაორმაგებულია.
როგორც ”სოკარის” წარმომადგენელმა ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, მათი მხირდან ტარიფი არ გაზრდილა და გადასახადის ზრდა კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული.
”ზამთარში ისედაც უფრო მეტი გადასახადი მოდის. გაზი ისეთივე ხარისხის მიეწოდება მოსახლეობას, რაც მანამდე იყო. უბრალოდ, სავარაუდოდ, კლიმატურმა პირობებმა იქონია გავლენა, ვინაიდან უფრო მეტად ყინავს, ვიდრე სხვა თვეებში და წინა წლებში. სავარაუდოდ, დამატებითმა ყინვებმა გამოიწვია, რომ მოსახლეობამ თავადვე აუწია გათბობას. როცა მიჩვეული ხარ რაღაც ტემპერატურას, გინდა სულ ის ტემპერატურა გქონდეს და უცბად ვერ ხვდები, რომ გადასახადიც შეიძლება მეტი მოგივიდეს”, - ამბობეს თეონა რუხაძე.
მისივე თქმით, ”სოკარში” მომხმარებლების მხრიდან პრობლების შესახებ შეტყობინება არ შესულა. კომპანიის წარმომადგენელი გაზის მოხმარებისა და თანხის დარიცხვის უზუსტობას გამორიცხავს, ასევე შეუძლებელს უწოდებს გაზში ჰაერის დამატებას.
”პირადად ჩვენთან მსგავსი პრობლემით მოსახლეობას არ მოუმართავს. ასეთი წერილი რომ მიგვეღო, ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვებოდა. თუ მომხმარებლის მოთხოვნა იქნებოდა, მრიცხველს შეუმოწმებდნენ. მოხმარებისა და დარიცხვის სხვაობა გამორიცხულია. მომხმარებელებს თავადვე შეუძლიათ გამოითვალონ მოხმარება, წინა თვის ანათვალი აიღონ და შეადარონ, თუნდაც ცხელ ხაზზე დარეკონ და მოხმარებული გაზის ყველა თვის მონაცემებს ეტყვიან. გაზში ჰაერის შერევას რაც შეეხება, ეს ძალიან რთულია, ასეთი რაღაც არ ხდება. გაზში თუ ჰაერი მოხვდება, ამან შეიძლება აალება გამოიწვიოს”, - აცხადებს კომპანია ”სოკარის” წარმომადგენელი თეონა რუხაძე.
როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” სემეკ-ში განუცხადეს, საჩივრის შემთხვევაში მომხმარებელი სემეკ-ს უნდა დაუკავშირდეს და კომპანია რეაგირებას მოახდენს კონკრეტულ ფაქტზე.
”ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. კონკრეტულმა მომხმარებელმა უნდა დაწეროს განცხადება, სადაც ჩამოაყალიბებს თავის პრეტენზიას კომპანიის მიმართ. მთავარია, რომ მომხმარებელმა წარმოადგინოს ქვითრები და შესაბამისი ინფორმაცია, რასაც თავად არ ეთანხმება. მოკვლევის დასრულების შემდეგ ჩაინიშნება საჯარო სხდომა და მოხდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება. ყველა საკითხი ინდივიდუალურად შეისწავლება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დოკუმენტაციიდან დადგინდება, რომ მოხმარება და დარიცხული თანხა არ შეესაბამება ერთმანეთს, ამ შემთხვევაში თანხა დაკორექტირდება. ის, რაც ზედმეტადაა დარიცხული, მომხმარებელს ჩამოეწერება და დეპოზიტზე დაუჯდება მომდევნო ანგარიშსწორებისათვის”, - განაცხადეს სემეკ-ში.
სემეკ-ის წარმომადგენლი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ჰაერნარევ გაზთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია და მსგავსი რამ გამორიცხულია.
თათია ახვლედიანი