მიგვაჩნია, რომ ელექტრონული ფორმით ინფორმაციის მოპოვებას თან უნდა ახლდეს იმავე ელექტრონული ფორმით მყისიერი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდეთ და შევისწავლოთ საკითხები , რათა გამოვრიცხოთ კანონდარღვევით წვდომები, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ე.წ. მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თამარ ქალდანმა აღნიშნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს რამდენიმე შენიშვნა, რომელსაც კანონპროექტის მეორე მოსმენისას დასვამს დღის წესრიგში.
”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც დაისვა, არის ე.წ. ჩართვის მექანიზმი და რამდენად უზრუნველყოფს შემოთავაზებული შეჩერების მექანიზმი ეფექტური კონტროლის განხორციელებას. შეჩერების მექანიზმთან ჩვენ გვაქვს მთელი რიგი წინადადებები, რომელსაც წარვადგენთ. მეორე საკითხი უკავშირდება იმ შემთხვევებს, როდესაც შეიძლება პირდაპირი მიერთების გარეშე ე.წ. არასტაციონარული მეთოდებით მოხდეს ინფორმაციის მოპოვება. მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ინსპექტორის, იგულისხმება პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებიც დანაშაულის პრევენციისა, თუ გამოძიების მიზნით განახორციელებენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ასევე უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს.
ასევე ვინაიდან გაჟღერდა, რომ ელექტრონული საშუალებებით, პირდაპირი მიერთების გზით და სხვა ფორმით შეიძლება არსებობდეს მონაცემების მოპოვება და შემდეგ მათზე წვდომა, იგულისხმება ლოკაციის შესახებ მონაცემები, მიგვაჩინა, რომ ელექტრონული ფორმით ინფორმაციის მოპოვებას თან უნდა ახლდეს იმავე ელექტრონული ფორმით მყისიერი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდეთ და შევისწავლოთ საკითხები იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ კანონდარღვევით წვდომები”,- განაცხადა თამარ ქალდანმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი უყარეს პრინციპების დონეზე და იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც გაზიარებული იყო ინიციატორების მიერ.
დეპუტატებს კენჭისყრამდე კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა და ასევე დაინტერესებულმა მხარეებმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს.
დეპუტატების კითხვებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ და ასევე, კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, ე.წ. მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს.