თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა , რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებში ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან იუწყებაინ, დღევანდელი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით ჩატარდა. შეხვედრაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, იურიდიული და სარევიზიო კომისიების, ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურისა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლებმა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბორჯომის, ქობულეთის, ყვარლის, სამტრედიის, ქარელის, ბოლნისის, თიანეთის, გორის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლანჩხუთის, გარდაბნის, ბაღდათის, ჩხოროწყუს, ჭიათურის, ოზურგეთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის მიზანია, შეიმუშავოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც დაარეგულირებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გარე მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგის და შეფასების სისტემებს, განსაზღვრავს სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს დაწესებულების პერსონალისთვის, შეიმუშავებს დაწესებულების პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს და დაადგენს საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
თბილისის საკრებულოში სამუშაო შეხვედრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გაგრძელდება, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს საკრებულოები ამა წლის პირველ აპრილამდე დაამტკიცებენ.