15-16 თებერვალს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება.
როგორც საქართველოს პარლამენტიდან იუწყებიან, სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით. სხდომა განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივებს და მის ზეგავლენას ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებს.
სხდომაზე მოხსენებით წარდგებიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების და მეორე მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად.