ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოავლინეს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამართალდარღვევის 15 ფაქტი - არარეგისტრირებული სახერხი საამქროები, დიდი რაოდენობით უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, სოფლებში - მზეთამზე, საკირე, ყვიბისი და ჭობისხევი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა დალუქეს 12 არარეგისტრირებული, ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი საამქრო, სადაც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალა.

გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ადგილზე შედგა შესაბამისი აქტები. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა სხვა სახის სამართალდარღვევათა გამოსავლენად.

ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.