საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართება.
როგორც პარლამენტიდან იუწყებიან, შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრა ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით იმართება.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის პაკეტის გაცნობა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილება ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების, მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ასევე, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება.
”მოხდება საგზაო უსაფრთხოების საკითხზე შექმნილი ახალი ვიდეო რგოლის პრეზენტაცია. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის გატარება ხელისუფლებამ პრიორიტეტულად დაასახელა, რადგან ქვეყანაში ავტოპარკის ზრდასთან და საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან ერთად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა.
ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 550-600 ადამიანი იღუპება, ხოლო 10 000-მდე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს”, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.