აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის განიხილავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების „სრულიად ახალი განკარგულების“ ხელმოწერის შესაძლებლობას. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მათ შორის სრულიად ახალი განკარგულების ხელმოწერა. ჩვენ უნდა სწრაფად ვიმოქმედოთ უსაფრთხოების მიზნებისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ გვექნება უსაფრთხოების ახალი ზომები. ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული შემოწმებები, მათ ექსტრემალურს ვუწოდებდი. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი შემოვა, ვისაც კარგი განზრახვები აქვს“, - განმარტა მან.
ტრამპმა ამავდროულად აღნიშნა, რომ მას სურს, რომ ახალი დოკუმენტი „ოდნავ განსხვავდებოდეს“ თავდაპირველი განკარგულებისგან და პირობა დადო, რომ მოქმედებას „ორშაბათს ან სამშაბათს“ დაიწყებს.
„მე თქვენ გაგაოცებთ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ სან-ფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების დაბლოკვის თაობაზე ძალაში დარჩა.