ასეთ რამეს ფილმებში თუ ნახავთ, თუმცა მძარცველებმა ავტომწარმოებელს ქარხნიდან რამდენიმე მილიონის ღირებულების ახალი ძრავები მოპარეს. მძარცველთა ჯგუფმა „იაგუარ ლენდ როვერის“ სოლიჰალის ქარხნიდან ძრავებით სავსე ტრეილერი გაიყვანა.
უფრო მეტიც, მძარცველები ქარხანაში დაბრუნდნენ და კიდევ ერთი სავსე ტრეილერი გაიტაცეს.
როგორც „ბირმინგემ მეილი“ იტყობინება, მძარცველებმა ქარხნის ტერიტორიაზე იოლად შეაღწიეს, თავიანთ გამწევ სატვირთოს ძრავებით სავსე მისაბმელი ჩაუბეს და ქარხნის ტერიტორია დაბრკოლების გარეშე დატოვეს. ამისთვის მათ ექვსი წუთი დასჭირდათ. საინტერესოა ისიც, რომ მათი გამწევი სატვირთო მოპარული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ქარხანაში ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული, მძარცველების ქმედებით არავინ დაეჭვებულა. ძარცვის დაფიქსირების შემდეგ დადგინდა, რომ მძარცველებმა ჯამში 3 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ძრავები გაიტაცეს.
მოგვიანებით პოლიციამ გატაცებული სატვირთო იპოვნა, მაგრამ ძრავები ვერ აღმოაჩინა.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ძრავებს ვულვერჰემპტონის (ბირმინგემის სიახლოვეს) ქარხანაში აწარმოებს, საიდანც სოლიჰალში გადააქვს. აქ მათ „რენჯ როვერზე“, „რენჯ როვერ სპორტზე“, „ლენდ როვერ დისქავერიზე“, „იაგუარ F-პეისზე“ და „იაგუარ XE-ზე“ ამონტაჟებენ.
საინტერესო ფაქტი: სოლიჰალიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა მილტონ კინსი, სადაც „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის გუნდის შტაბ-ბინა მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ, იქიდან მძარცველებმა F1-ის რბოლებში მოპოვებული თასების კოლექცია მოიპარეს.
წყარო autobild.ge