ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირებული სესხების შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
რეფინანსირების სესხი არის კომერციული ბანკის ოვერდრაფტ-სესხი ეროვნულ ბანკში - ხალხისთვის გასაგებ ენაზე (მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი - სპეციალისტების ენაზე). რეფინანსირების სესხზე პროცენტს იხდის კომერციული ბანკი - საბოლოო ჯამში ბანკის კლიენტი, ხოლო ეროვნული ბანკისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
მცირე ზომით რეფინანსირების სესხი მისაღები და დასაშვებია, დიდი ზომით - ფეთქებადსაშიში!!!
დღეს კიდევ ვინმე უარყოფს, რომ რეფინანსირების სესხებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირი არ არის? ბოლო სამი კვირაა, მცირდება რეფინანსირების სესხების მოცულობა - ლარიც მყარდება.
მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ რეფინანსირების აუქციონის შედეგები ტექსტურად გამოაქვეყნოს საიტზე, როგორც ეს ხდებოდა 2016 წლის ივლისამდე, და ნუ იფარგლება ინფორმაციის გადამალვით ექსელის ფაილებში.
აგრეთვე, მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, ბლუმბერგში აჩვენოს აუქციონში მონაწილე და აუქციონში გამარჯვებული ბანკების რაოდენობა, როგორც ეს ხდებოდა მიმდინარე წლის იანვრის ჩათვლით.