შემოსავლების სამსახურმა ფოთის გეზ-ში მედიატური მოაწყო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მედიატური გაიმართა. მისი მსვლელობისას ჟურნალისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები იმ მომსახურებისა და კონტროლის ღონისძებების შესახებ, რომელთაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს. მედიატურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც გემის დაცლის, კონტეინერების შემოწმებისა და ტვირთის გაფორმების პროცესს დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში მედიატურის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა.

„მედიატურის მონაწილეები ასევე გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება ეფექტური და ამავე დროს ოპერატიული და სწრაფი კონტროლი, იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს იმპორტის განხორციელებას ქვეყანაში. ისინი ასევე გაეცნენ ახალ სერვისებს, რომელთაც შემოსავლების სამსახური იმპორტიორებს სთავაზობს. მსგავსი კონტროლის საშუალებები დანერგილია ყველა საბაჟო-გამშვებ პუნტებზე და ვიმედოვნებთ, კერძო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების შედეგად, შევძლებთ ბალანსის დაცვას და ერთი მხრივ, კონტროლის გაძლიერებას და მეორე მხრივ, კერძო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.