ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს საბაჟო სისტემა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული მომხმარებლებისთვის , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განაცხადა, სადაც ის მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ გეზ-ის საქმიანობას გაეცნო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, ფოთის გეზ-ი დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა დაათვალიერა.
”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, განსაკუთრებით კი საბაჟოს მიმართულებით ხორციელდება. დღევანდელი მედიატურის მიზანი იყო, დეტალურად გვეჩვენებინა მედიისთვის, თუ როგორია საბაჟო პროცედურები და მათი კონტროლის სისტემა, მათ შორის, არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა. რამდენად მზადაა ჩვენი საბაჟო იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტური კონტროლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ფოთის გეზის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ტვირთებისა და სურსათის სასაზღვრო კონტროლი, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება.
”ფოთის გეზში გაფორმების პროცედურები ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით, მომსახურება ორიენტირებულია მომხმარებლისათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.