გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვება გერმანიას დაახლოებით მილიარდი ევრო დაუჯდება. აღნიშნული მოსაზრება ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში ევროკომისარმა, გიუნტერ ეტინგერმა, გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. მისი განმარტებით, ერთიან ევროპულ ბიუჯეტში გერმანიის დაფინანსების წილის ზრდა შესაძლო სცენარის მხოლოდ ერთი ასპექტია.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ფინანსური კუთხით ბრექსითის დასაძლევად ორი რადიკალური გზა არსებობს: „იმისთვის, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი უცვლელი დარჩეს, ამაში სხვა ქვეყნებს მოუწევთ დიდი წვლილის შეტანა. თუმცა, თუ ბიუჯეტს შევამცირებთ იმ ოდენობით, რაც გაერთიანებულ სამეფოს შემოჰქონდა საერთო ბიუჯეტში, მაშინ ქვეყნებს დამატებითი სახსრების გაღება არ მოუწევთ“.
გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებით გამოწვეული არაპროგნოზირებადი შედეგებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის პოზიციის მიუხედავად, ევროკომისარი ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსალოდნელი არჩევნები მემარჯვენეების პოზიციებს არ გაამყარებს.