რა უნდა ვიცოდეთ თევზის ყიდვისას

თევზის ყიდვისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. თევზი სასარგებლოა მაშინ, თუ მისი არჩევა იცით.

"პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" იმ ძირითად ნიშნებს გასწავლით, რომლითაც კარგი თევზის არჩევას შეძლებთ.

თუ თქვენ გირჩევნიათ ცოცხალი თევზის ყიდვა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, თევზი, რომელიც აკვარიუმის ფსკერზე ცურავს, საუკეთესოა.

მოერიდეთ აკვარიუმის ზედაპირზე მცურავ თევზს. მას უნდა ჰქონდეს ამობურცული, მბზინვარე თვალები, დაუზიანებელი და პრიალა კუდი. ლაყუჩები უნდა იყოს აუცილებლად ვარდისფერი, ან წითელი. თუ თევზის ლაყუჩები ნაცრისფერი ან შავია, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ის!

ბაზარში ხშირად გვთავაზობენ ოკეანის და მდინარის თევზებს, თუმცა დახლზე ასეთი თევზის ნაცვლად, შეიძლება აუზში გაზრდილი თევზი იდოს, არ მოტყუვდეთ და იცოდეთ, რომ თევზი, რომელსაც პატარა ფარფლები აქვს, დიდი ალბათობით აუზისაა, ბუნებრივ პირობებში გაზრდილ თევზს დიდი ფარფლები აქვს.

მდინარის თევზის შავი კოპლები მის ავადობაზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ის.

ყველაზე ხშირი ტყუილი, რომელსაც რეალიზატორები ამბობენ, გაყინული თევზის გაუყინავად გასაღებაა. გაუყინავი თევზი თითის დაჭერის შემდეგ, მარტივად დაიბრუნებს პირვანდელ ფორმას.

გაუყინავი თევზი, ხელში აღების შემთხვევაში არ უნდა იღუნებოდეს და თუ მას ძალით მოღუნავთ, მარტივად უნდა დაიბრუნოს პირვანდელი ფორმა. გაყინული თევზი პირვანდელ ფორმას ვერ დაიბრუნებს და მოღუნვისას შესაძლოა, გასკდეს კიდეც.

ხშირად გამლღვალ თევზს დებენ ქიმიურ ნივთიერებებში რომ დაიბრუნოს ის გარეგნული ფორმა, რომელიც გაუყინავ თევზს აქვს, ასეთი პროდუქტის ამოსაცნობად გააცხელეთ დანა, ჩაარჭეთ თევზში, თუ ის თევზისთვის არადამახასიათებელ სუნს აუშვებს, არ მიირთვათ და განსაკუთრებით მოარიდეთ ბავშვებს!

აუცილებლად გასათვალისწინებელია: გაყინული თევზი არ უნდა გაალღოთ ოთახის ტემპერატურაზე და მით უმეტეს არც თბილ წყალში. მოათავსეთ ის მაცივარში და მეორე დღეს გამლღვალი დაგხვდებათ, თუ გეჩქარებათ, გაალღვეთ ის მარილიან, ცივ წყალში.

ხმელი თევზის შემთხვევაში, ის არ უნდა ინახებოდეს ვაკუუმში, მას თითქმის არ უნდა ქონდეს თვალები, თუ ასეთ თევზს ამოვსებული თვალები აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის არასაკმარის მარილში იყო, ასევე არ უნდა ჰქონდეს მარილის კვალიც, ეს ზედმეტი მარილის არსებობაზე მიუთითებს.

კარგი ხიზილალის ცნობაც არ არის რთული. დაასხით მდუღარე წყალი მას, თუ წყალი გათეთრდა ხიზილალა ნატურალურია, თუ წყალი სტაფილოსფერია და წყლის ზედაპირზე ცხიმი ტივტივებს, ასეთი ხიზილალა ფალსიფიცირებულია, გარდა ამისა, არანატურალური ხიზილალის შემთხვევაში, მარცვლები ნელნელა გადნება და მთლიანად შეერწყმება წყალს.

რაც შეეხება შებოლილ თევზს, ხშირად დახლებზე გვხვდება არა შებოლილი, არამედ შეღებილი და არომატიზატორებით გაჯერებული თევზი, რომელსაც შებოლილი თევზისგან ერთი შეხედვით ვერაფრით გაარჩევთ. ასეთი პროდუქტის შესამოწმებლად, დაგჭირდებათ ხელსახოცი. გადაუსვით ხელსახოცი თევზს, თუ მასზე ფერი გადავიდა, ის შეღებილია.

შებოლილი თევზი უნდა იყოს მთლიანად ერთი ფერის და არ უნდა ქონდეს დარჩენილი თეთრი, შეუბოლავი ადგილები, გარდა ამისა, დაფასოებული შებოლილი თევზის ეტიკეტზე შემადგენლობაში უნდა ეწეროს მხოლოდ თევზი და მარილი, თუ პროდუქტს სხვა რაიმე დანამატი აქვს, ის არ არის ნატურალური.