ზამთრის კურორტებზე სეზონი ორი თვეა, რაც გაიხსნა. დამსვენებლებს განახლებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ოთხ სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, სვანეთში, გოდერძსა და ბაკურიანში უსაფრთხოების განახლებული წესები დახვდათ.
როგორც მთის კურორტების განვითარების სააგენტოში ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, გასულ წელთან შედარებით, ნასვამ მდგომარეობაში სათხილამურო ტრასებზე გადაადგილება და თოვლმავლების მართვა შემცირებულია.
”ნასვამ მდგომარეობაში ვინმეს დაკავება არ მომხდარა. სკი-პატრულმა წესის დამრღვევები სათხილამურო ტრასას ჩამოაშორა. მოთხილამურე პატრული ასევე იმ მოთხილამურეებს აკონტროლებს, რომლებიც სათხილამურო ტრასაზე, ხალხმრავალ ადგილას ძალიან დიდი სისწრაფით სრიალებენ და როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს უქმნიან საფრთხეს”, - განაცხადეს მთის კურორტების განვითარების სააგენტოში.
საქართველოს 4 სამთო კურორტზე წესრიგს 75 მოთხილამურე პატრული იცავს.