2016 წლის მეორე ნახევარში თბილისში სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა

2016 წლის მეორე ნახევარში სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალი ექვსი თვის ჭრილში ამავე მაჩვენებლის 43%-იანი (დაახლოებით 110,000 კვ.მ.) მატებაა მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანი აქტივობა შეინიშნება გლდანში, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 40,000 კვ.მ ჯამური ფართის სამი თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულ უბანში საცალო ვაჭრობის ბაზარზე მაღალი კონკურენცია ფიქსირდება.

მაღალი მიწოდების მიუხედავად, მოთხოვნაც ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, რაზეც ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრებში მაღალი დატვირთულობა მეტყველებს.

Colliers-ის მონაცემებით, 2016 წელს ჯამურად 30,000 კვმ.მ. ფართი გაქირავდა. აქედან 33% საყოფაცხოვრებო საქონლისა და ავეჯის მომწოდებელ კომპანიებზე მოდის. ქართულ ბაზარზე შემოვიდა რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი (Bricorama, JYSK), ხოლო არსებულმა კომპანიებმა გააფართოვეს მაღაზიათა ქსელი (Super).

კომერციულად აქტიურ ქუჩებზე (პეკინის ქუჩა, რუსთაველის, ჭავჭავაძის და აღმაშენებლის გამზირები) ძირითადი მოთხოვნა შემდეგ კატეგორიებზეა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (45%), მომსახურების სფერო (21%) და კვების ობიექტები (20%).

საშუალო შეწონილმა იჯარამ სავაჭრო ცენტრებში 16 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება 2016 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. კომერციულად აქტიურ ქუჩებზე საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა და 32 აშშ დოლარს გაუტოლდა.

სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტი უმნიშვნელოდ შემცირდა და 13%-ს გაუტოლდა, ანალოგიური მაჩვენებელი კომერციულად აქტიურ ქუჩებზე 1%-ით გაიზარდა და 9% შეადგინა.

Colliers International Georgia-ს ანალიზის თანახმად, ბოლო წლებში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების გახსნამ ეტაპობრივად შეცვალა მომხმარებლის შოპინგის ჩვევა. ერთიანი სივრცე, სადაც საქონლისა და სერვისების სრული სპექტრია თავმოყრილი, მეტად კომფორტულია მომხმარებლისთვის, რაც სავაჭრო ცენტრების პოპულარობას განაპირობებს. ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე შემოსული საერთაშორისო ბრენდების უმრავლესობა სწორედ სავაჭრო ცენტრებში ხსნის მაღაზიებს, შესაბამისად ქუჩის რითეილი კარგავს აქტუალობას შოპინგისთვის და სხვა პროფილით ვითარდება.