არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პირველად საქართველოში 13-დან 27 თებერვლამდე ფასდაკლებების კვირეული – Discount Week გაიმართება.
კვირეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Discount Week წარმოადგენს მრავალეტაპიან პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.
პირველი ეტაპი კახეთის რეგიონში ჩატარდება და ფასდაკლებები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, პროექტში ჩართულია 11 სასტუმრო, მათ შორის: შატო მერე, როიალ ბატონი, ამბასადორი, ლოპოტა, ყვარლის ტბა, ძველი თელავი, ყვარლის ედემი, შალოშვილების მარანი, კაბადონი, ალაზნის ველი და რჩეული მარანი.
აღნიშნული სასტუმროები, ვიზიტორს სეზონზე გამოცხადებული ფასიდან სპეციალურ 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასტუმროს დაჯავშნისას უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი.
დეტალური ინფორმაციისა და პრომო კოდის მისაღებად გადადით ბმულზე http://discounts.georgia.travel
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ Discount Week წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ტურისტულ რეგიონს მოიცავს.