ხშირად გვესმის ევროპელი თუ ამერიკელი ოჯახების შესახებ, რომლებიც მოულოდნელად ტოვებენ კარიერას, გამართულ სახლ-კარს და მთლიანად ცვლიან თავიანთ ცხოვრებას - ან ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, ან კიდევ სადმე სოფლად სახლდებიან და საკუთარ სამყაროს იქმნიან. მსგავსი შემთხვევა, რომ ადამიანი, აწყობილი კარიერითა და ცხოვრებით, საკუთარი სურვილით თბილისიდან სოფელში გადასახლდეს და ყველაფერი ნულიდან დაიწყოს, მე პირადად, ძალიან ცოტა მახსენდება... ესეც ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ოჯახია. მათ შესახებ ალბათ უკვე გაგიგონიათ, თუმცა ვეცდებით, უფრო ახლოს გაგაცნოთ და უფრო უკეთ ჩავხვდეთ დედაქალაქიდან სოფელში მათი გადასახლების რეალურ და საკმაოდ შთამბეჭდავ მიზეზებს.
დავით ჩაჩანიძე პროფესიით ექიმია, ბევრისთვის კარგად ცნობილი, ნიჭიერი და გამოცდილი სპეციალისტია. მისი მეუღლე, თინა სამადაშვილი კი - არქიტექტორი. მათ საკუთარი მაგალითით დაამტკიცეს, რომ სოფელშიც შეიძლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ცხოვრების აწყობა და დაამტკიცეს ისიც, რომ როცა რაღაცის ძალიან გჯერა და როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გააკეთებ.
თინა სამადაშვილი:
- სოფელი არც ერთს არ გვქონდა და ვფიქრობდით, სად შეგვეძინა მიწა. ბევრი სიარულისა და ძებნის შემდეგ მივადექით კახეთს, კერძოდ, ბაკურციხეს, საიდანაც ჩემი ფესვებიც მომდინარეობს. ვიყიდეთ მიწა და სახლის აშენებაც გადავწყვიტეთ.
სამი წელი დავდიოდით და აქაურობას ვსწავლობდით, სახლის მიმართულება სწორად რომ განგვესაზღვრა. მზის ენერგიის გამოყენებაც გვინდოდა. გვაინტერესებდა, სეზონების მიხედვით მცენარეები როგორ ხარობდა ან აქაურ სახლებს სამხრეთის კედელი რატომ ჰქონდა ყრუ, უფანჯრო. დაკვირვების შედეგად პასუხი ამ კითხვაზეც მივიღეთ: ქარი სამხრეთიდან უბერავს და წვიმაც იქიდან მოდის.
ნაკვეთი შევიძინეთ და შარშან ზაფხულს მშენებლობა დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება მეტად ავტონომიურები გავმხდარიყავით, წყალი და დენიც ჩვენით მოგვეპოვებინა და, რაც მთავარია, ნამჯის სახლის აშენებაზე შევთანხმდით.
- რატომ? და რა არის ნამჯის სახლის პრიორიტეტი?
- ჯერ ერთი, ეკოლოგიურად სუფთაა, მეორე - მის ასაშენებლად კირს იყენებენ, რომელიც 70 წლის შემდეგ ქვად იქცევა, ცემენტი კი იფშვნება. უწინ ადამიანი ყველაფერს ნატურალურს მოიხმარდა. ამ სახლის ხიბლი ის არის, რომ მისი კედლები სუნთქავს, არ ემუქრება სოკოვანი ნაჟღენთები, არ დალპება და ცეცხლი არ მოეკიდება. ინგლისში ასეთი შენობები 300-400 წელს ძლებს.
- როგორ დაიწყეთ აშენება?
- უამრავ ლიტერატურას გავეცანით. პირველად წერტილოვანი ფუნდამენტი (ბეტონის ბოძების ჩასხმა) მოვამზადეთ, რაზეც კონსტრუქცია უნდა დაიდგას. ეს მნიშვნელოვანი რამ არის. თან, ბეტონის ბოძები სახლს განიავების საშუალებას აძლევს. წერტილოვან ფუნდამენტზე ხის კარკასი იდგმება (რკინის არ შეიძლება, რადგანაც ნამჯა და რკინა ერთმანეთს ვერ ეთვისება). მერე კარკასში ჩავსვით ნამჯის პრესები, რომლებიც გამზადებული შევიძინეთ (პრობლემა რომ არ შეგვქმნოდა, პრესები წინასწარ გავზომეთ და ჩარჩო იმის მიხედვით განვსაზღვრეთ). პრესების ჩასმა რომ დასრულდა, გაკეთდა ბათქაშის პირველი ფენა - თიხამ, რომელიც ჩვენს ეზოშიც კი მოვიძიეთ, ნამჯა კარგად დააფიქსირა. სხვათა შორის, თიხის მოპოვებას ლიცენზიის აღება სჭირდება, მაგრამ ჩვენ ბევრი არ გვჭირდებოდა, ამიტომ პრობლემა არ შეგვქმნია. შემდეგი ფენა კირისა იყო, რომელსაც ლამი და დაკეპილი ნამჯა შევურიეთ. კირს შიგადაშიგ დაჭრილ მატყლსაც ვურევდით - დოლბანდის ფუნქციას ასრულებს. ჩვენს სახლზე
სულ ორი ტონა კირი დაიხარჯა. ცნობისათვის, თიხის ბათქაშს ნაპრალები უჩნდება, მაგრამ ეს გარდაუვალია, ამიტომ არ შეშინდეთ.
- მუშახელი მხოლოდ თქვენ იყავით?
- ადგილობრივი მოსახლეობიდან ორი ახალგაზრდაც გვეხმარებოდა. მშენებლობას ოთხი თვე მოვანდომეთ, მაგრამ არ გეგონოთ, ვზარმაცობდით; ნალესის ფენებს კარგი გაშრობა უნდოდა. მთელი ორი თვე კარავში ვცხოვრობდით.
ახლა სახლში უკვე გვაქვს საკუთარი სველი წერტილები, რაც სოფელში დიდი იშვიათობაა.
ამასთან, როცა წვიმს, ხმა არ შემოდის, სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი - საუკეთესო თერმოიზოლაციაა. იატაკისთვის 30-სანტიმეტრიანი ლელი (ლერწამი) გამოვიყენეთ. ლერწამი მინდორში თვითონ შევაგროვეთ. არადა, ეს ის მასალაა, რომელსაც ჩვენში ჰექტრობით წვავენ...
- რაში შეიძლება ნამჯის გამოყენება?
- მიწის ზედაპირი ცარიელი რომ არ დარჩეს, ბოსტანში მისი დაფენა სასარგებლოც კია - ნიადაგისთვის ჩინებული საკვებია.
- რა დაჯდა თქვენი ნამჯის სახლი?
- 6000 ლარი. სულ 190 პრესი ვიყიდეთ, თითო - 90 თეთრად. არსებობს სპეციალური კომბაინი, რომელიც ნამჯის პრესებს აკეთებს. სახლის ფართობი სულ 36 კვ.მ-ია. მეორე სართულზე (ის 18 კვ.მ-ია) საძინებელია მოთავსებული. სახლში ისე თბილა, ზამთარში მაისურით დავდიოდი.
- როგორც ვიცი, თქვენს ნამჯის სახლს კანალიზაციაც აქვს...
- ავტონომიური საკანალიზაციო სისტემა გავაკეთეთ. ტუალეტიც შინ გვაქვს. მისი წყალი მინდორში იღვრება. იქაც ბამბუკი ჩავრგეთ, წყალი რომ შეიწოვოს. ასე რომ, გარემოს არ ვაბინძურებთ. პრინც ჩარლზს ბუკინგემის სასახლეში კანალიზაცია ასეთივე პრინციპით ჰქონია მოწყობილი - თავის კანალიზაციას ქვეყნისას არ უერთებს.
დავით ჩაჩანიძე:
- სიახლის არ შეგვშინებია. არც იმას მოვერიდეთ, რომ დაგვცინებდნენ. ეს კი ნიშნავდა საკუთარი ხელით აშენებულ სახლს, ჩვენს მოყვანილ ხილ-ბოსტნეულს, საკუთარი ხელით შექმნილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რადგანაც უარი ვთქვით სინთეტიკაზეც. ყოველდღიური მოხმარების საგნები - კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, კოსმეტიკური საშუალებები - თავად შევქმენით. არ იფიქროთ, რომ ღარიბები ვართ; ხუთი კომპანიის დამფუძნებელი და სამი კომპანიის დირექტორი გახლავართ, თინასაც სოლიდური სამსახური ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, თურმე ფულის ქონა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნივთს იყიდი...
- ერთი სიტყვით, მიგაჩნიათ, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ტანსაცმელს ვერსად შეიძენთ?
- სწორედ ასეა, და ამიტომაც პირდაპირ ქმედითი ნაბიჯები გადავდგით.
- რა გეგმები გაქვთ?
- გვინდა, გავუიოლოთ აქაურ მოსახლეობას ცხოვრება. უპირველეს ყოვლისა, ხვნაზე ვთქვით უარი. ყველაფერი ისე უნდა მოვიყვანოთ, რომ მიწა ზედმეტად არ ამობრუნდეს. მთელი პროგრესული ბიომოსახლეობა მსოფლიოში ამ პრინციპით მუშაობს. საერთოდ, მიწა რომ ტრიალდება, ქარი და მზე აშრობს, აღდგენას კი სამი წელიწადი სჭირდება.
- ე.ი. ნიადაგს არ ბარავთ?
- მხოლოდ ერთხელ და შემდეგ ორგანულ ნივთიერებას - კომპოსტს ვაყრით, ყველაფერი, რაც კი გვრჩება ოჯახში - ბოსტნეულის ნაფცქვენი, ნათალი - მიწას უბრუნდება. არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა ურწყავად შეიძლება. მიწას კონდენსირების ისეთი უნარი და საშუალება აქვს, რომ მორწყვა არ სჭირდება; ნიადაგის ღრმა შრეებში ტენი ყოველთვის არის.
ერთი სიტყვით, კარგი გეგმები გვაქვს. ამასთან, ჩვენ გვერდით მეგობრები აპირებენ დასახლებას და იმედი მაქვს, ერთად მშვენიერი საქმის გაკეთებას შევძლებთ.
ლალი ფაცია
წყარო shin.ge